საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შთამბეჭდავად დაიწყო ევროპის ჩემპიონატი. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი კონტინენტის პირველობის B დივიზიონში ასპარეზობს და ტურნირის მონაწილე 21 ნაკრების მსგავსად მიზნად საუკეთესო სამეულში მოხვედრა აქვს, რათა მომავალი სეზონისთვის ელიტარულ – A დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვოს. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ჰოლანდია გახლდათ, რომელიც სპეციალისტების მიერ უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ქართველებმა ნიდერლანდელებს ისე მოუგეს, შანსი არ დაუტოვეს – 85:73.
საქართველოს ნაკრების გამარჯვება იმით უფროა დასაფასებელი, რომ მატჩის შუაწელში თითქმის კატასტროფული ჩავარდნის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა მოახერხა საკუთრი ძალებისა და თამაშისა პოვნა, 17 ქულის გამბათილებელ მეტოქეს ისევ მიაწვა და საბოლოოდ ისე გატეხა, ბოლო პერიოდში წარმატების მცირედი შანსიც არ მიუცია. არაერთხელ ყოფილა, რომ ჩვენს ნაკრებს სოლიდური ლიდერობის მიუხედავად საბოლოოდ წაუგია. პირიქითაც გვახსოვს, თუმცა ეს შეხვედრა იყო კარგი მაგალითი იმისა, რომ ბრძოლას, გააზრებულ თამაშს და მწვრთნელის დავალების შესრულებას შედეგი მოაქვს.
საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიელებთან მატჩი უძლიერესად დაიწყო და პირველივე პერიოდის შემდეგ 15 ქულით – 31:16 დაწინაურდა. ჰოლანდიელებმა მეორე პერიოდში ქართველების შეჩერება მოახერხეს, თუმცა საკუთარი უპირატესობა ვერ წარმოაჩინეს. თამაში თანაბრად გაგრძელდა და შეხვედრის მე-16 წუთზე, დიდ შესვენებამდე 4 წუთით ადრე ლუკა მაზიაშვილის გარღვევის შემდეგ ქართველები 17 ქულით – 43:26 დაწინაურდნენ. სწორედ აქ მოხდა დიდი ჩავარდნა. ჰოლანდიელებმა სპურტი მოაწყვეს, რაშიც ქართველებმა ხელი ვერაფრით შეუშალეს და 14:0 გაქცევის შემდეგ, მეორე პერიოდის ბოლო წუთზე ჰოლანდიელებმა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 40:43. ტაიმი ივანე მეგენეიშვილის 2-დან 1 ზუსტი საჯარიმოთი დასრულდა და დიდ შესვენებაზე საქართველო 4-ქულიანი ლიდერობით გავიდა.
მესამე პერიოდი ჰოლანდიელთა ზუსტი შეტევით გაიხსნა და ქართველებს სოლიდური ლიდერობიდან მხოლოდ 2 ქულა დარჩათ. სწორედ აქ არ მობილიზდნენ მილოშ გლიგორიევიჩის შეგირდები. მედგარი დაცვისა და შეტევაში გააზრებული გადაჯგუფების ხარჯზე ჰოლანდიელებს სივრცეები შეუზღუდეს, თავად კი ხან შორიდან, ხან საშუალო მანძილიდან, ხანაც ზუსტი გარღვევებით წარმატებით ლაშქრავდნენ მეტოქის ფარს და განიავებული ლიდერობის აღდგენა გეგმაზომიერად გაგრძელდა. ქართველებმა 20:9 მოიგეს მესამე პერიოდი და ბოლო შესვენებაზე 15-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 64:49.
თუკი 14-ქულიანი გარღვევა მოაწყვეს, ჰოლანდიელებს კვლავ ჰქონდათ მოგების თეორიული შანსი, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებმა დასავლეთევროპელებს ამის შანსი არ მისცეს. შესანიშნავად თამაშობდა ჩვენი ნაკრების ყველა რგოლი, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ შეხვედრა ისე დასრულდა, ქართველების უპირატესობა 10 ქულას არ ჩამოსცილებია. საბოლოოდ საქართველოს ნაკრები დამსახურებულ გამარჯვებამდე მივიდა და მატჩის შემდეგ წარმატებაც ემოციურად აღნიშნა.
გამარჯვებაში ყველა მოთმაშეს მიუძღვის წილი, თუმცა სტატისტიკით და ამ მიმდევრობით ყველაზე შედეგიანები ეს მოთამაშეები იყვნენ: ცოტნე ცარციძე, ლუკა მაზიაშვილი, ზურა ჟღენტი და რატი ანდრონიკაშვილი. ცარციძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე ყველაზე მეტი – 34:29 წუთი გაატარა და ყველაზე ეფექტურიც იყო: 12 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა. მაზიაშვილიც სათადარიგო იყო და 29:41 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ზურა ჟღენტმა 14 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, ანდრონიკაშვილის ანგარიშზე კი 26 ქულა (მატჩის ბომბარდირი), 8 პასი, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა. რატის ეფექტურობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ექნებოდა, თუმცა ბურთი 12-ჯერ დაკარგა და ამის გამო ეს შემაჯამებელი მაჩვენებელი გვარიანად შეუმცირდა (იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი სტატისტიკა).
ჩვენს ჯგუფში ესტონეთმა კოსოვო 86:37 გაანადგურა, ხოლო შვედეთმა სომხეთი არ დაინდო – 149:26. საქართველოს ნაკრები 13 ივლისს სომხეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირ ეთრში ყურება ფიბა-ს წარმოდგენილ Youtube-ის ბმულზე შეგეძლებათ: http://www.fiba.basketball/europe/u20b/2019/videos/LIVE-Georgia-v-Armenia
ჰოლანდია – საქართველო
სტატისტიკა: 73:85
საქართველო – ჰოლანდიის მატჩის სრული ვიდეოჩანაწერი: