ევროპის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები გახდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში ლატვიური “ვალმიერა” დაამარცხა და წარმომადგენლობითი ევროტურნირის გამარჯვებული გახდა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 14 მოიგო და პირველ ადგილზე გავიდა. ქართველებთან ერთად ოთხთა ფინალში გავიდნენ ლატვიური “ვალმიერა”, პოლონური “ვლადსლავოვო” და ბელარუსული “ცმოკი-მინსკი”, რომლებმაც გადამწყვეტი მატჩების სათამაშოდ თბილისში მოიყარეს თავი.
ფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ლატვიურ გუნდს გამორჩეულად ტანმაღალი მოთამაშე არ ჰყავდა, თუმცა ძალიან სწრაფ, დალაგებულ და კომბინაციურ კალათბურთს თამაშობდნენ. ბალტიისპირელები მთელი თამაშის მანძილზე იბრძოდნენ, უმეტესად ლიდერობდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ქართველებმა მაინც მოახერხეს გამარჯვება. მატჩის ბედი მაშინ გადაწყდა, როცა თამაშის დრო ამოწურული იყო. შეხვედრის ბოლო წამებზე, როცა საქართველო 78:80 აგებდა, გადამწყვეტი შეტევა სამქულიანით ალექსანდრე ფევაძემ დაასრულა, რომელიც მიზანს ასცდა და ფარქვეშ მყოფმა ნიკოლოზ დარბაიძემ დარჩენილ 2 წამში ბურთიც მოხსნა, გამთანაბრებელი ორიანიც ჩააგდო და ეს ისე მოახერხა, რომ მისი მეურვე, რაინის კალნინსი დაჯარიმდა.
დარბაიძის გამთანაბრებელი ბურთის ჩავარდნა იყო და, საფინალო სირენაც გაისმა. მატჩის დრო ამოიწურა, თუმცა კალნინსის ჯარიმის გამო დარბაიძეს 1 სროლის უფლება მიეცა. ეროვნული ნაკრების წევრმა, რომელსაც მანამდე 20 ქულა ჰქონდა მოპოვებული, მატჩის ბედის გადამწყვეტი საჯარიმო უშეცდომოდ შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა – 81:80
დარბაიძე საბოლოოდ ყველაზე შედეგიანი გახდა 21 ქულით, 10 მოხსნითა და 1 პასით. 18 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა ალექსანდრე ფევაძემ, ხოლო ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე 15 ქულა, 8 პასი, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა. ვალმიერელებს 34 ქულით ულიდერა ედგარს კაუფმანისმა. ვალტერს ლიეპინსმა კი, რომელიც საბოლოოდ ოთხთა ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ლატვიელებს 23 ქულა, 77 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიაშველა.
ფინალურ მატჩამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ბელარუსულმა “ცმოკი-მინსკმა” 85:64 დაამარცხა პოლონური “ვლადსლავოვო” და ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.
საქართველო U20 – ვალმიერა (ლატვია)
სტატისტიკა: 81:80
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელშიც პრიზიორი გუნდები, საუკეთესო მწვრთნელი, ოთხთა ფინალის სიმბოლური ხუთეული და საუკეთესო მოთამაშე საგანგებო პრიზებით დააჯილდოვეს. დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს:
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა – პაატა გურასპაულმა;
ევროპის ახალგაზრდული ლიგის საპატიო პრეზიდენტმა – გუნტის სენჰოფსმა;
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ილიას ზუროსმა;
კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა – ვლადიმერ ბოისამ;
ევროპის ახალგაზრდული ლიგის ბორდის წევრმა – გივი სანაძემ.
მეოთხე ადგილზე გასული გუნდის დაჯილდოვება
მე-3 ადგილისთვის მატჩის წამგები პოლონური “ვლადსლავოვოს” კაპიტანი იასპერ მაკოვსკი საპატიო თასითა და სიგელით გივი სანაძემ დააჯილდოვა.
გუნდების მედლებით დაჯილდოვება
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების მოთამაშეები შესაბამისი მედლებით, თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს პაატა გურასპაულმა, ვლადიმერ ბოისამ, გივი სანაძემ, ილიას ზუროსმა და გუნტის სენჰოფსმა.
ფულადი ჯილდოს გადაცემა
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები ფულადი პრიზებით ევროპის ახალგაზრდული ლიგის საპატიო პრეზიდენტმა – გუნტის სენჰოფსმა დააჯილდოვა.
საუკეთესო მწვრთნელი
ოთხთა ფინალის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა და ტრადიციული ქართული სასმისი გადაეცა “ვალმიერას” მწვრთნელს – ალვილს კაუფმანისს. გამარჯვებულს პრიზი გადასცა ევროპის ახალგაზრდული ლიგის ბორდის წევრმა – გივი სანაძემ.
სიმბოლური ხუთეული
ოთხთა ფინალის საუკეთესო ხუთეული მონაწილე გუნდებს შორის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა და ისინი დააჯილდოვა ილიას ზუროსმა და პაატა გურასპაულმა. ხუთეულში შევიდნენ:
ლუკა ბულაშვილი, გიორგი კორსანტია, ვალტერს ლიეპინსი (ვალმეირა), ვლადისლავ ბლიჟჩუკი (ცმოკი-მინსკი) და იასპერ მაკოვსკი (ვლადსლავოვო) .
საუკეთესო მოთამაშის (MVP) პრიზი
ოთხთა ფინალის საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. მონაწილე 4 გუნდიდან სამმა საუკეთესოდ ლატვიური “ვალმიერას” ფორვარდი – ვალტერს ლიეპინსი დაასახელა. ბალტიისპირელ მოთამაშეს MVP-ის პრიზი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა უსახსოვრა.
საჩემპიონო თასის გადაცემა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანს, გიორგი კორსანტიას ევროპის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი ლიგის საპატიო პრეზიდენტმა, გუნტის სენჰოფსმა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცეს.