საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან მეოთხედფინალური მატჩი დათმო და A დივიზიონში გადასასვლელ ბრძოლას გამოეთიშა. ელიტარული დივიზიონის საგზურებს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის 3 საუკეთესო გუნდი მიიღებს, ჩვენმა ნაკრებმა კი ოთხეულში გასვლა ვერ მოახერხა. უკრაინის ნაკრებმა საქართველოს 85:76 (სტატისტიკა) სძლია და ნახევარფინალში გავიდა – კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი კი ბრძოლას მე-5 ადგილისთვის განაგრძობს.
უკრაინა საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელმაც C ჯგუფში ერთადერთი მატჩი მინიმალური სხვაობით შვედეთთან წააგო და პირველი ადგილი დაიკავა. შვედეთი კი სულაც ჯგუფში ჩარჩა. საქართველო უკრაინას ლატვიაში შეკრების დროს, 7 ივლისს ამხანაგურად შეხვდა. ის მატჩი უკრაინელებმა 86:80 მოიგეს. ასე რომ, ორივე გუნდს ერთმანეთზე საკმაოდ კარგი წარმოდგენა ჰქონდა და საქმე ის იყო, რომელი უფრო ზუსტად შეასრულებდა მწვრთნელის დავალებებს.
უკრაინამ შორ სროლებში გვაჯობა და არც ფარქვეშ ირჯებოდნენ ურიგოდ მათი ტანმაღლები. საქართველომ ჯამში მხოლოდ 4 სამქულიანი ჩააგდო, სლავებმა კი – 10. უკრაინელებმა 14 საჯარიმო ააცილეს, თუმცა ქართველებზე გაცილებით მეტი ესროლეს და ამის ხარჯზე მოპოვებული ბონუს-ქულებითაც გვაჯობეს. საქართველოს ნაკრები თითქმის სულ მდევრის როლში იყო, თუ არ ჩავთვლით სადებიუტო წუთებს. უკრაინელთა უპირატესობა განსაკუთრებით მეორე პერიოდში გამოიკვეთა, როცა ანგარიშში სხვაობამ 15 ქულას გადააჭარბა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში ბოლოსღა გამოასწორა, როცა ბოლო პერიოდში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ეს იყო მაქსიმუმი, უკრაინელებმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და 9-ქულით იმარჯვეს. უკრაინამ ნახევარფინალში გადაინაცვლა, საქართველომ კი მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან დამარცხებულ სლოვაკეთს შეხვდება და თუ დაამარცხებს, მე-5 ადგილისთვის, პორტუგალიასა და უნგრეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
საქართველოსა და სლოვაკეთის მატჩი 20 ივლისს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.