საქართველოს U20 ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო

საქართველოს U20 ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში რიგოთ მე-3 შეხვედრა გამართა და მარცხი განიცადა. კოტე ტუღუშის, ბუბა ბერიშვილის და ალექსანდრე ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე მარცხი ჩრდილოეთ მაკედონიასთან განიცადა. არადა, ბალკანელებს აქამდე გამართული ორივე შეხვედრა – ნიდერლანდებთან და ავსტრიასთან წაგებული ჰქონდა და დღევანდელი გამარჯვებით ჯგუფში ვითარება დაძაბა.

C ჯგუფში ისეთი ამბები ხდება, ჯერ არაფრის თქმა არ შეიძლება. 2 მარცხის მქონე საქართველოსაც აქვს ჯგუფიდან გამსვლელ ორ გუნდში მოხვედრის შანსი. ეს ყველაფერი გამოიწვია იმ გუნდების გამარჯვებებმა, რომლებმაც საწყის ტურებში წააგეს. მაკედონიაზე ვთქვით და ასევე დანიამ იმარჯვა ჰოლანდიასთან და ჯგუფში არც გამოკვეთილი ლიდერია და არც გამოკვეთილი აუტსაიდერი. 

საქართველოს მაკედონიელებთან მოგების მცირე შანსი ჰქონდა. ბალკანელებმა პირველი პერიოდი 31:22 მოიგეს, მეორე – 25:13 და დიდი შესვენებისთვის სხვაობა უკვე 21 ქულას შეადგენდა. ქართველებმა თამაში კი გამოასწორეს, მაგრამ ისე ვერა, რომ დიდი ჩამორჩენა გაებათილებინათ. ალექსანდრე დაუშვილისა და თენგო გოგიშვილის შედეგიანობით ქართველებმა ჩამორჩენა მხოლოდ შეამცირეს და თამაში ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა. საბოლოოდ ჩრდილოეთ მაკედონიამ 92:84 (სტატისტიკა) მოიგო.

ჩვენს გუნდში 17 ქულით, 9 მოხსნითა და 3 პასით საუკეთესო იყო ალექსანდრე დაუშვილი. 16 ქულა და 5 პასი თენგო გოგიშვილის ანგარიშზეა. ანრი ბელთაძემ 15 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 14 ივლისი დასვენების დღეა. საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 15 ივლისს, დანიის ნაკრებთან გამართავს.