საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის დასკვნითი, მე-7 ადგილისთვის მატჩი ისლანდიასთან დაძაბულ ბრძოლაში – 90:94 დათმო.
შეხვედრის პირველი პერიოდის შემდეგ ქართველები 22:20 იგებდნენ. თუმცა მეორე მეოთხედში ისლანდიელებმა ტემპს და მიზანს უმატეს და 28:21 მოგებული ათწუთეულის შემდეგ დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. ვითარება არ შეცვლილა არც მესამე მეოთხედში, რომელიც ჩრდილოელებმა 23:21 მოიგეს და დასკვნითი პერიოდის წინ 7-ქულიანი ლიდერობა დაიბევეს.
ქართველები ბოლო პერიოდში ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვეღარ მოახერხეს ისლანდიელთა ძლევა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ჩვენებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა ისლანდიამ მაინც მოახერხა და საფინალო სირენამდე ლიდერად მივიდა. საქართველოს ნაკრებში 21 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკა მეცხვარიშვილი.21 ქულა დააგროვა ლუკა მაზიაშვილმაც. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა რატი ანდრონიკაშილმა.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ამით დაასრულა პორტუგალიაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი და მომავალ წელსაც B დივიზიონში იასპარეზებს. ელიტაში თამაშის უფლება წლევანდელი B დივიზიონიდან პორტუგალიამ, ჩეხეთმა და ბელგიამ მოიპოვეს, რომლებმაც ამ თანმიმდევრობით დაიკავეს დასრულებულ ტურნირში ადგილები.
საქართველო – ისლანდია
სტატისტიკა: 94:90