საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი შვედეთი დაამარცხა და ჯგუფიდან გასასვლელად მოზრდილი ნაბიჯი გადადგა. 3 ტურის შემდეგ 3 მოგებით ჩვენი გუნდი C ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, რადგან ესტონეთის ნაკრებმა დღეს პირველი მარცხი ჰოლანდიასთან განიცადა. აქვე საინტერესო პარალელს გავავლებთ: საქართველომ პირველ ტურში ჰოლანდია იოლად დაამარცხა, ხოლო ესტონეთმა წინა ტურში შვედეთს მოუგო. შესაბამისად, ჯგუფში დაუმარცხებელი მხოლოდ საქართველოა, რომელსაც 16 ივლისს ერთ-ერთ აუტსაიდერ კოსოვოსთან, ხოლო 17-ში ესტონეთთან დარჩა სათამაშო.
მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა დამაჯერებელი, გააზრებული და გეგმაზომიერი თამაშის წყალობით იმარჯვა. მართალია, ბოლო 2 წუთში შვედებმა ჩამორჩენა გვარიანად შეამცირეს და წარმატების მცირე შანსიც გაუჩნდათ, თუმცა მთლიანობაში თამაში ქართველებს მიჰყავდათ და მცირე გამონაკლისის გარდა, მთელი თამაშის განმავლობაში ხელჩასაჭიდ უპირატესობას ფლობდნენ.
პირველი პერიოდი ქართველებმა 23:16 მოიგეს, რის შემდეგაც შვედებმა თამაში გამოასწორეს და რამდენიმე ზუსტი კონტრშეტევისა და შორი სროლის შემდეგ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს – 21:23. წუთშესვენებამ ქართველთა წისქვილზე დაასხა წყალი: გააზრებული თამაში დაცვაში და მეტოქის ფარქვეშ ტანმაღალი კალათბურთელების აქტიურობა – ამან ის შედეგი მოიტანა, რომ საქართველოს უპირატესობა 10 ქულას ასცდა და დაახლოებით ამ რაოდენობის ფარგლებში ქართველებმა ლიდერობა კარგა ხანი შეინარჩუნეს.
მესამე პერიოდიდან სამიზნე გაისწორა რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც ბევრად დახვეწა ბურთის კონტროლი და ეს მის შედეგიანობაზეც აისახა. რატის 3 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. მის ანგარიშზე 34 წუთში 20 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა დაგროვდა. პასივში ანდრონიკაშვილს 4 დაკარგვა და 3 ჯარიმა ჰქონდა. რატის სამქულიანები და ზოგადად, შედეგიანობა მესამე პერიოდში საქართველოს ხელჩასაჭიდი ლიდერობის მოპოვებაში დაეხმარა. ჩვენი ნაკრები ბოლო პერიოდის წინ 13 ქულით იგებდა და გუნდური თამაშის წყალობით წარმატებით განვლო მომდევნო 5 წუთიც. აკაკი ფიფიას ზუსტი საჯარიმოების შემდეგ, მატჩის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე, ჩვენი გუნდის 14-ქულიანი ლიდერობა დაფიქსირდა, რაც ფაქტობრივად გამარჯვებას ნიშნავდა.
დარჩენილ დროში შვედებმა მაქსიმუმი გაიღეს და ვითარება ოდნავ დაძაბეს, როცა ბოლო წუთზე ჩამორჩნა 5 ქულამდე შეამცირეს. ეს იყო მათი მაქსიმუმი, რადგან მილოშ გლიგორიევიჩმა წუთშესვენებით თამაში დაალაგა და საბოლოოდ საქართველო დამსახურებულ გამარჯვებამდე მივიდა – 73:64. ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ზემოთხსენებულმა რატი ანდრონიკაშვილმა დააფიქსირა. 10 ქულა, 5 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა ლუკა მაზიაშვილმა მოაგროვა. ცოტნე ცარციძის ანგარიშზე 8 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. მოედნიდან 5 პერსონალურის გამო ნაადრევად გასულმა ზურაბ ჟღენტმა 9 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. შვედებში, თუ გაინტერესებთ, ყველაზე მეტი – 11 ქულა ერიკ პერსონმა დააგროვა.
ხვალ, 15 ივლისს დასვენებაა. საქართველო 16-ში კოსოვოს შეხვდება, რომელმაც დღეს სომხეთი გაანადგურა და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას ფაქტობრივად გაინაღდებს. ბოლო ტურში, 17 ივლისს, გლიგორიევიჩის გუნდი ესტონეთს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გადის. ჩვენი ჯგუფიდან გასულები მეოთხედფინალში იმ გუნდებს შეუწყვილდებიან, სადაც სადღეისოდ ლიდერები ბელგია, სლოვაკეთი და პორტუგალია არიან.
საქართველო – შვედეთი
სტატისტიკა: 73:64
საქართველო – შვედეთი. მატჩის სრული ვიდეოჩანაწერი