საქართველოს ვაჟთა და გოგონათა 5 ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები წილისყრამ გაარკვია

საქართველოს ვაჟთა და გოგონათა 5 ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები წილისყრამ გაარკვია

დღეს, გერმანიის ქალაქ ფრეზინგში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა. ღoრისძიებაზე მოეწყო ახალი ლოგოსა და სახელწოდების პრეზენტაცია: ამიერიდან ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებს ახალგაზრდული ევრობასკეტი ეწოდება, რომლებიც, როგორც აქამდე, დივიზიონებად იქნება დაყოფილი.

გერმანიაში გამართულ წილისყრაში 47 ქვეყნის 245 ნაკრები მონაწილეობდა. 16, 18 და 20 წლამდელთა შორის ჩატარდა წილისყრა როგორც გოგონათა A, B და C დივიზიონებში, ასევე მცირე ქვეყნების ჩემპიონატებში. საქართველოს მთლიანობაში 5 ნაკრები მიიღებს წლევანდელ ახალგაზრდულ ევრობასკეტში მონაწილეობას. ესენი არიან: ვაჟთა U16 (A დივიზიონი), U18 (B დივიზიონი), U20 (B დივიზიონი) და გოგონათა U18 (C დივიზიონი) და U16 (C დივიზიონი) ნაკრებები. 

ცერემონიალს ესწრებოდა ფიბა ევროპის პრეზიდენტი, ხორხე გარბახოსა და აღმასრულებელი დირექტორი, კამილ ნოვაკი. წილისყრას უძღვებოდნენ საბერძნეთის ნაკრების ყოფილი წევრი ანდრეას გლინიადაკისი და ფინელი ტინა სტენი. დავიწყოთ 16-წლამდელებით, სადაც საქართველოს ნაკრები ყველაზე მაღალ საფეხურზეა და მონაწილეობას იღებს აღნიშნული ასაკის ევრობასკეტში (A დივიზიონში).

16-წლამდელთა ევრობასკეტი

ტურნირი გაიმართება საბერძნეთის ქალაქ ირაკლიონში,  მიმდინარე წლის 9-დან 17 აგვისტოს ჩათვლით. საქართველოს ნაკრების მიზანი 16 საუკეთესო გუნდში ადგილის შენარჩუნება იქნება. წილისყრის შედეგად ჩვენი გუნდი, რომელსაც ნიკა ცინცაძე, ლევან ტყეშელაშვილი და ნიკა ბურჯანაძე წვრთნიან, C ჯგუფში მოხვდა პოლონეთთან, სლოვენიასა და საფრანგეთთან. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ, პლეი ოფში ვერგასული 8 გუნდი კი A დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. კლასიფიკაციაში ბოლო 3 გუნდი დატოვებს ელიტარულ დივიზიონს.

 

 

18-წლამდელთა ევრობასკეტი (B დივიზიონი)

18-წლამდელთა ევრობასკეტი ფინეთში გაიმართება, ჩვენ კი B დივიზიონი გვაინტერესებს, სადაც საქართველოს ნაკრები იასპარეზებს. ტურნირში მთლიანობაში 22 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფშია თავმოყრილი. საქართველოს ნაკრები 5-გუნდიან – D ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ავსტრია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი და პორტუგალია ეყოლება. ტურნირი 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჩატარდება.

20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

20-წლამდელთა B დივიზიონი რუმინეთის ქალაქ პლოეშტშია დაგეგმილი, რომელიც 12-21 ივლისს გაიმართება. 21 გუნდი სტანდარტულად, 4 ჯგუფშია გადანაწილებული. ჩვენი ნაკრების მეტოქეები D ჯგუფში იქნებიან: ბულგარეთი, რუმინეთი, ესტონეთი და ალბანეთი. გათამაშების ფორმატი სტანდარტულია. ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გადის და ბრძოლას საუკეთესო 3-ეულისთვის აგრძელებენ, რომლებიც მომავალი წლისთვის A დივიზიონის საგზურს მოიპოვებენ.

18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (C დივიზიონი)

გოგონათა 18-წლამდელთა ნაკრები წლეულს ევრობასკეტის C დივიზიონში იასპარეზებს. ამ ტურნირში მონაწილეები იშვიათად იცვლება. მასში ის ქვეყნები ასპარეზობენ, რომლებშიც ქალთა კალათბურთი დიდად პოპულარული არაა. 7 ქვეყანა 2 ჯგუფში განაწილდა. საქართველო B ჯგუფშია ალბანეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. 18 წლამდე გოგონათა C დივიზიონს კოსოვო უმასპინძლებს.

 

16 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (C დივიზიონი)

აღნიშნულ ტურნირში 8 ქვეყნის ნაკრებია. ჩვენი გოგონათა გუნდი A ჯგუფში  მოხვდა, სადაც მეტოქეებად სომხეთი, აზერბაიჯანი და კვიპროსი ეყოლება, მეორე ჯგუფში კი მალტა, გიბრალტარი, მოლდოვა და ალბანეთი მოხვდნენ.ტურნირი 9-14 ივლისს, გიბრალტარში ჩატარდება.