შიდა ქართლის ჩემპიონატის გამარჯვებული ზვიად ინაურის გუნდი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

შიდა ქართლის ჩემპიონატის გამარჯვებული ზვიად ინაურის გუნდი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

შიდა ქართლი იმ რეგიონებს შორის ჩადგა, სადაც კალათბურთი აღმავლობის გზაზეა. გორში და მის რაიონებში საკალათბურთო სექციები მომრავლდა, რამაც ბუნებრივად დააყენა რეგიონის ჩემპიონატის ჩატარების საკითხი.
გასულ კვირაში შიდა ქართლმა 1999 და 2000 წლებში დაბადებულთა ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრება ჩატარდა როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა შორის. შიდა ქართლის მასშტაბით აღნიშნული ასაკის 3 გუნდი შეიკრიბა, რომლებმაც საპრიზო ადგილები გაითამაშეს. პირველობა დარჩა ვერა შავიშვილის გაწვრთნილ გორის პირველ გუნდს, რომელმაც ორივე მეტოქე – „გორი 2“ და „ბორჯომი“ დაამარცხა.
ვაჟთა შორის ტურნირში თავი შვიდმა გუნდმა მოიყარა, რომლებიც 2 ჯგუფში განაწილდნენ. 1 წრის შემდეგ ფინალში ასპარეზობის უფლება ჯგუფების გამარჯვებულებმა მოიპოვეს. საჩემპიონო მატჩში ერთმანეთს ზვიად ინაურის გაწვრთნილი „გორი 1“ და დავით რუსიშვილის „გორი 2“ შეხვდნენ. გამარჯვება გორელთა პირველ გუნდს ხვდა წილად, რომელმაც შიდა ქართლის ჩემპიონის ტიტული და საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
როგორც გორელები აცხადებენ, ქვეყნის პირველობაზე გასული ზვიად ინაურის გუნდს ფინალში დამარცხებულთაგან რამდენიმე კალათბურთელი დაემატება და ეს გაერთიანებული გუნდი საქართველოს ჩემპიონატში შიდა ქართლის სახელს დაიცავს.

მესამე ადგილიც გორის გუნდს ხვდა, რომელსაც ბექა ტატალაშვილი წვრთნის. გორის 3 გუნდთან ერთად შიდა ქართლის ჩემპიონატში კასპის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის გუნდები ასპარეზობდნენ. ტურნირი შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც თამაზ ხაჩიური ხელმძღვანელობს. ტურნირის ფინანსური მხარდაჭერა გორის რაიონის გამგეობამ და კომპანია „კულამ“ უზრუნველყვეს. ამ უკანასკნელმა ფინალში გასული გუნდებს საჩუქრად საკუთარი პროდუქცია – ნატურალური წვენები გადასცა.

ფინალურ მატჩს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დაესწრო. დაჯილდოვების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა შიდა ქართლის თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა.