შსს აკადემიამ ქუთაისში იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

შსს აკადემიამ ქუთაისში იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

  სტატისტიკა

20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. ადგილობრივმა გუნდმა, რომელიც ერთწლიანი
პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ჩემპიონატს, “შსს აკადემიას” უმასპინძლა.

მატჩი საკმაოდ
საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მასპინძლებმა პირველ მეოთხედში უპირატესობა მოიპოვეს
და 23:14 დაწინაურდნენ, თუმცა შსს-მ სხვაობის შემცირება პირველივე ნახევარში მოახერხა
და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა.

მესამე მეოთხედში
თანაბარი ბრძოლა გაიმართა, საიმედო უპირატესობით წინ გასვლას ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა,
ყველაფერი უკანასკნელ წუთებზე გადაწყდა. თამაშის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე აკადემიელები
3 ქულას იგებდნენ, 10 წამით ადრე გოგალაძემ გუნდის ლიდერობა 5 ქულამდე გაზარდა, თუმცა
გრძელიძის საპასუხო 2-ქულიანმა სხვაობა ისევ 3 ქულამდე შეამცირა – 56:53.  ეს იყო მაქსიმუმი, რაც “ქუთაისმა” შეძლო,
დარჩენილ 4 წამში მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხეს. შსს აკადემიამ სეზონის
მეორე გამარჯვება მოიპოვა.

აკადემიელთა რიგებში
15 ქულით საუკეთესო ლერი კვანტალიანი იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა,
14 ქულა ჰქონდა ლევან გოგალაძეს, შოთა გელაზონია კი გუნდს 8 ქულით და 19 მოხსნით დაეხმარა.

მატჩის ერთადერთი
ორმაგი დუბლი გიორგი ცირეკიძეს ეკუთვნის – 20 ქულა, 13 მოხსნა, ქუთაისელთა რიგებში
ლევან გრძელიძე (15 ქულა) და უჩა გამრეკლიძეც (13 ქულა, 9 მოხსნა) გამოირჩნენ.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები

კობა კირთაძე( “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი): პირველ
ტაიმში დამაჯერებლად ვიგებდით და ყველაფერი კარგად მიდიოდა. მეორე მეოთხედში უპირატესობამ
15 ქულასაც კი მიაღწია, რამაც გუნდის წევრებზე უარყოფითად იმოქმედა. ბიჭებმა ალბათ
ჩათვალეს, რომ თამაში მოგებული იყო და ყურადღება, კონცენტრაცია მოადუნეს. ზედმეტმა
თავდაჯერებულობამ ის შედეგი გამოიღო, რომ მატჩის ბოლო წუთებზე დავმარცხდით. გუნდის
ხუთეულის წევრებთან სერიოზული საუბარი მექნება და იმედი მაქვს, დღევანდელი წაგებიდან
სწორ დასკვნებს გამოიტანენ.

არჩილ ჟღენტი( “შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელი): ქუთაისში
შესუსტებული შემადგენლობით ჩავედით. ტრავმების გამო გვაკლდა 5 მოთამაშე, თან თბილისიდან
დღეს დილით გავემგზავრეთ და ქუთაისში ჩასულებს დასვენების საშუალება არ გვქონდა. მატჩის
დებიუტში შედარებით ინერტული თამაშიც ალბათ ამის ბრალი იყო. მეორე ტაიმში ბიჭებმა დაცვაში
თამაში გამოასწორეს, ყველა დავალება კარგად შეასრულეს და დამსახურებული გამარჯვება
მოვიპოვეთ. წინა მატჩის შემდეგ აღვნიშნე, რომ დაცვაში თამაში უნდა გამოგვესწორებინა
და ეს გუნდმა მოახერხა. ახლა ვიტყვი, რომ შეტევაში გვმართბს მომატება და ამ კომპონენტზე
უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ.