რუსთაველებმა ზედიზედ მეორე საშინაო მარცხი განიცადეს.
რამაზ გოგობერიშვილის გუნდმა რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში „შსს-აკადემიას“ უმასპინძლა
და შეხვედრა დიდი სხვაობით – 60:77 დათმო.
არადა, მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 23:18
მოიგეს და მეტოქეს არც დიდი შესვენებისთვის ჩამორჩებოდნენ. პირველი ტაიმი ფრედ –
40:40 დასრულდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე დაზაბული ბრძოლა გაგრძელდებოდა,
თუმცა ასე არ მოხდა. მესამე მეოთხედში მანამდე აქტიურ რევაზ როგავას ლევან ლოლიშვილი
და ლევან გორდულაძეც დაეხმარა, რის შემდეგაც აკადემიელებმა პერიოდი 19:8 მოიგეს.
ბოლო მეოთხედის წინ „შსს-აკადემია“ 11 ქულით იგებდა
და უპირატესობის შემარჩუნება არ გასჭირვებია. თბილისელთა კარგმა დაცვითმა თამაშმა მასპინძლებს
სროლათა უმეტესობა გააცუდებინა, რამაც არჩილ ჟღენტის გუნდს სეზონში მე-7 გამარჯვება
მოუტანა.
აკადემიელთაგან 27 ქულითა და 8-8 მოხსნა-პასით რევაზ
როგავა გამოირჩა, ხოლო ლოლიშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 10 მოხსნა. კიდევ
ერთი ორმაგი დუბლი თბილისელთაგან არჩილ პულუზაშვილმა მოაგროვა – 10 ქულა და ამდენივე
მოხსნა. რუსთაველებში 15 ქულა ჰქონდა ზაზა
გაგნიძეს, ხოლო გიორგი დვალმა შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.
ამით 20-წლამდელთა ჩემპიონატში დასვენება გამოცხადდა.
მომდევნო ტურის მატჩები უკვე ახალი წლისა და შობის დღესასწაულების შემდეგ გაიმართება.