,,შსს აკადემიას’’ პირველი მარცხი ,,ჰიუნდაიმ’’ აგემა(მატჩისშემდგომი კომენტარები)

,,შსს აკადემიას’’ პირველი მარცხი ,,ჰიუნდაიმ’’ აგემა(მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკა 
გალერეა

შინაგან საქმეთა
სამინისტროს აკადემიის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. არჩილ ჟღენტის
გაწვრთნილმა აკადემიელებმა ჩემპიონატი ზედიზედ 5 მოგებით დაიწყეს, მე-6 შეხვედრა კი
უიღბლო გამოდგა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ლაშა თოიძის გაწვრთნილმა “ჰიუნდაიმ”
სწორი და გააზრებული თამაშის წყალობით აკადემიელებს პირველი მარცხი აგემეს.

შეხვედრა გარდამავალი
უპირატესობით მიმდინარეობდა, ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება, თუმცა ბოლო წუთებში ჰიუნდაელებმა
მეტი სიზუსტე და მობილიზება გამოავლინეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. მე-3 წუთისთვის
“შსს-აკადემია” 11:2 იგებდა და თითქოს ყველაფერი აკადემიელთა ზედიზედ მე-6
გამარჯვებისკენ მიდიოდა, თუმცა “ჰიუნდაიმ” თამაში დაალაგა და 17:13 გალიდერდა.

ამის შემდეგ თანაბარი
თამაში წავიდა, ხან ერთი გუნდი გავიდოდა წინ მცირედით, ხან – მეორე. კვანძი მესამე
პერიოდში გაიხსნა, როცა ჰიუნდაელებმა საიმედო დაცვითა და შედეგიანი შეტევით ათწუთეული
19:10 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 10-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა – 58:48.

ბოლო ათწუთეულში
საინტერესო ბრძოლა გაიმართა. აკადემიელებმა ჩამორჩნის 5 ქულამდე შემცირება მოახერხეს,
თუმცა ალექსანდრე ბოლქვაძისა და სანდრო სანაძის შედეგიანობით საფინალო სირენამდე 6
წუთით ადრე “ჰიუნდაი” 11 ქულით – 69:58 დაწინაურდა.

აკადემიელები
ვა-ბანკზე წავიდნენ და შორ სროლებზე გადავიდნენ. ლევან ლოლიშვილმა და ლევან გორდულაძემ
2-ჯერ სამქულიანები ჩააგდეს და როცა ამ უკანასკნელმა შედეგიან გარღვევას ზუსტი საჯარიმოც
მოაყოლა, ანგარიში გათანაბრდა – 71:71. სწორედ აქ გამოავლინეს ჰიუნდაელებმა მტკიცე
ხასიათი და დაცვაში სუტ თამაშს შეტევაში გააზრებული მოქმედება მოაყოლეს. ბოლქვაძემ
თამაში საკუთარ თავზე აიღო, დრიბლინგით დროც გაიყვანა და ჯერ 2 საჯარიმო ჩააგდო, მომდევნო
შეტევაშიც უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო, რითაც საფინალო სირებამდე 23 წამით ადრე
“ჰიუნდაი” 4 ქულით დააწინაურა.

მატჩის ბედიც
აქ გაირკვა. “ჰიუნდაიმ” თამაში მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე, რაშიც ლომის
წილი 28 ქულით ბოლქვაძემ დაიდო. სანაძის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა, ხოლო კახა გიორგაძის
ანგარიშზე 12 ქულაა. “შსს-აკადემიაში” 13 ქულით ლევან გოგალაძე გამოირჩა,
გორდულაძემ კი შეხვედრა 12 ქულითდაასრულა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

არჩილ ჟღენტი(“შსს-აკადემიის” მთავარი მწვრთნელი):
ჩემს გუნდს არ ვამართლებ, ძალიან ცუდად ვითამაშეთ და წაგებას ვიმსახურებდით, თუმცა
უკმაყოფილო ვარ მსაჯ ზაზა მაჩალაძის მოქმედებით, რომელმაც საკვანძო მომენტში ისეთი
ჯარიმა მოგვცა, რითაც წაგება გადაგვიწყვიტა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(“ჰიუნდაის” მთავარი მწვრთნელი):
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაშიც ცალკე მონდომება, ცალკე იღბალიც დაგვეხმარა.
მართალია, მეტოქეს აკლდა ლერი კვანტალიანი, მაგრამ ჩვენც 2 წამყვანი მოთამაშე არ გვყავდა
– კახა ტომარაძე და ლუკა ზაქრაძე. ითამაშეს ბიჭებმა, მოინდომეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.