სტატისტიკა
გალერეა
20-წლამდელთა
ჩემპიონატის ლიდერ “შსს-აკადემიას” მიმდინარე სეზონში ერთადერთი წაგება აქვს,
რომელიც გიორგი ნიკოლაძის გუნდმა “ჰიუნდაისთან” განიცადა. ეს გუნდები დღეს
მეორე წრის მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და აკადემიელებმა რევანში აიღეს.
ვერ ვიტყვით,
რომ “ჰიუნდაიმ” თამაში იოლად დათმოო – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი ბოლომდე
იბრძოდა და შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა. ჰიუნდაელებმა
გადამწყვეტი შტურმის განხორციელება ვერ მოახერხეს. “შსს-აკადემიამ” დარჩენილ
დროში შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებამდე მივიდა – 74:58.
ჰიუნდაელებმა
ვერ მოახერხეს “შსს-აკადემიის” ცენტრის, შოთა გელაზონიას შეჩერება, რომელიც
3-წამიან ზონაში თავს თავისუფლად გრძნობდა. აკადემიელთა ცენტრმა მთელი ბოლო მეოთხედი
4 პერსონალურით ითამაშა, თუმცა მოედანზე მატჩის ბოლომდე დარჩა. საბოლოოდ, მის ანგარიშზე
29 ულა და 21 მოხსნა დაგროვდა, შსს-ს მეორე მეფარე ლერი კვანტალიანმა კი პირად ანგარიშზე
22 ქულა და 18 მოხსნა ჩაიწერა.
“ჰიუნდაიში”
საუკეთესო შედეგი სანდრო ბოლქვაძეს ჰქონდა – 18 ქულა. კახა ტომარაძემ კი ჰიუნდაელებს
13 ქულა შესძინა. დღეს კიდევ 1 შეხვედრა გაიმართება – “სოხუმი” “აკადემიას”
შეხვდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა გვქონდა ჩავარდნები,
განსაკუთრებით მესამე მეოთხედში და ასეთი ხარვეზები დიდი ამბიციების მქონე გუნდს არ
უნდა ჰქონდეს. ,,ჰიუნდაის” მივულოცავ კარგ თამაშს,საკმაოდ კარგი გუნდია და ყოველთვის
ბოლომდე იბრძვიან. ჩვენ 1 კვირაა, რაც ინტენსიური ვარჯიშები დავიწყეთ და ვფიქრობ, ახალი
წლის შემდეგ უკეთეს კონდიციებში შევხვდებით ჩემპიონატს.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის” მთავარი მწვრთნელი):
დღეს მეტოქემ აშკარად გვაჯობა.
თუმცა, ვფიქრობ ჩვენი შემადგენლობით ნამდვილად შეგვიძლია სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლა,
ნაკრების წევრები დაგვემატებიან და მომავალ წრეს უკეთესად ჩავატარებთ.
დღეს გამართულ მეორე მატჩში “აკადემიამ”
“სოხუმი” დაამარცხა. თემურ კანკიას და ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილი გუნდი სეზონის პირველ მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წუთებზე აკადემიელებმა ლიდერობა შეინარჩუნეს და გამარჯვება მოიპოვეს – 63:57.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და შესაბამისად, მწირექულიანი
გამოდგა. პირველ მეოთხედში მხოლოდ 20 ქულა ჩავარდა – “აკადემიამ” 13:7 მოიგო,
მეორე ათწუთეულში კი მეტოქეს 7 ქულით აჯობა და დიდი შესვენებისთვის 35:22 დაწინაურდა.
სოხუმელებმა მესამე მეოთხედში თამაში გამოასწორეს და
გამარჯვების შანსიც გამოუჩნდათ. შოთა გოლეთიანისა და გურამ კენჭიაშვილის წინამძღოლობით
კანკიას გუნდმა პერიოდი 17:12 მოიგო და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე ჩამორჩენა 8 ქულამდე
შეამცირა.
სოხუმელებმა წარმატებული თამაში განაგრძეს და მატჩის
დასრულებამდე 6 წუთით ადრე მეტოქეს 2 ქულით მიუახლოვდნენ – 47:49. “აკადმეიამ”, რომელიც მთელი მატჩის
განმავლობაში ლიდერობდა, წაგების საფრთხის წინაშე დადგა. გუნდის მწვრთნელმა წუთშესვენება
აიღო და დარჩნილ დროში სწორი სათამაშო ტაქტიკის წყალობით გამარჯვებამდე მივიდა.
აკადემიელებს 17 ქულით ნიკა ამირხანაშვილმა ულიდერა,
ნიკა ღურწკაიამ პირად ანგარიშზე 13 ქულა ჩაიწერა, ლევან გუგუშვილმა კი შეხვედრა 12
ქულითა და 9 მოხნით დაასრულა. სოხუმელთა შორის 21 ქულით საუკეთესო გურამ კენჭიაშვილი
იყო, შოთა გოლეთიანმა კი თავის გუნდს 19 ქულა შემატა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
თემურ კანკია(,,სოხუმის’’
მთავარი მწვრთნელი): ძალიან
ცუდად დავიწყეთ , თუმცა მეორე ნახევარში შევძელით თამაშის შემობრუნება. სამწუხაროდ,
ბოლოს ძალები აღარ გვეყო. მივულოცავ აკადემიის გუნდს გამარჯვებას.
გელა წულაძე(,,აკადემიის’’
მთავარი მწვრთნელი): ძალიან დაძაბული თამაში იყო, თითქმის მთელი თამაში
წინ ვიყავით, თუმცა ბოლოს მეტოქემ სხვაობა შეამცირა და საკმაოდ მოგვიახლოვდა. ბოლო
წამებამდე ბრძოლა იყო. ამ თამაშმაც აჩვენა, რომ ბიჭები სათანადო ფიზიკურ ფორმაში არ
არიან.