სოხუმი 20-წლამდელთა ჩემპიონია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სოხუმი 20-წლამდელთა ჩემპიონია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

„სოხუმი“ საქართველოს ჩემპიონია. ლიკა ქაჯაიას და თემურ
კანკიას გაწვრთნილი გუნდი 20-წლამდელთა პირველობის ტრიუმფატორი გახდა.

 სოხუმელებმა
ფინალური სერიის მეორე მატჩიც დამაჯერებლად მოუგეს „ოლიმპს“ და საერთო ანგარიშით
2:0, ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. ამით ზღვისპირელებმა წარმატებით დაიცვეს
შარშან მოგებული ჩემპიონის ტიტული.

 სერიის პირველი მატჩისგან განსხვავებით, სოხუმელებმა
უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს. ქაჯაიას გუნდი დაცვაში მედგრად იდგა, ხოლო შეტევაში
ქულათა მოპოვების ნაირგვარ ხერხს მიმართავდა, რომელთაგან ყველაზე ეფექტური სწრაფი
გარღვევები იყო. შეუდარებელი იყო სოხუმელთა უნივერსალური მოთამაშე კახა ჯინჭარაძე,
რომლის ეფექტურმა თამაშმა და ბრძოლისუნარიანობამ აღტაცებაში მოიყვანა საკალათბურთი
აკადემიაში მოსული  მაყურებელი. აღსანიშნავია, რომ დარბაზი მთლიანად გადავსებული
იყო და მაყურებელი ტრიბუნაზე რომ არ ეტეოდა, ფარების უკან განთავსდა.

სოხუმელებმა პირველი მეოთხედი 10 ქულის სხვაობით –
19:9 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის „ოლიმპმა“ ჩამორჩენა 2 ქულით შეამცირა. აღსანიშნავია,
რომ თბილისურ გუნდს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გიორგი ცირეკიძე აკლდა, რომელმაც სერიის
წინა მატჩის დასაწყისში სახის ტრავმა მიიღო და თავისიანებს ვერც დღევანდელ შეხვედრაში
დაეხმარა.

 მესამე პერიოდში „ოლიმპმა“ მოახერხა თამაშის დალაგება,
რაც ირაკლი მიქელაძის, საბა ლობჯანიძისა და ნოდარ გოგოძის აქტიურობას მოჰყვა. დიმიტრი
ჟაკობოვის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირება შეძლეს, მაგრამ
გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხეს. ამაში მათ ხელი საკმარისზე მეტმა აცილებულმა
საჯარიმოებმა შეუშალა. სოხუმელები სწრაფად და შედეგიანად ათამაშებულ ოლიმპელებს ჯარიმებით
აჩერებდნენ, რითაც ეს უკანასკნელნი ვერ სარგებლობდნენ. „ოლიმპმა“ 30 საჯარიმო სროლიდან
მოხლოდ 13 ჩააგდო, რაც ძალიან ცუდი შედეგია.

ბოლო პერიოდის წინ „სოხუმი“ 5 ქულით იგებდა, რაც ოლიმპელებს
წარმატების შანსს აძლევდა. გადამწყვეტ მომენტში სოხუმელებმა დამაჯერებლად ითამაშეს,
რითაც „ოლიმპის“ წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხეს და საბოლოოდ 14 ქულის სხვაობით –
74:60 გაიმარჯვეს. მოგებაში ლომის წილი დაიდო კახა ჯინჭარაძემ, რომელიც ტრაგიკულად
დაღუპული კალათბურთელის – რაჟიკო დარბაიძის სახელობის გარდამავალი თასით დაჯილდოვდა.
აღნიშნულ ტიტულს 20-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო დამცველს აძლევენ.

 ჯინჭარაძემ შთამბეჭდავი სტატისტიკა გაიფრომა – 31 ქულა,
13 მოხსნა. 19 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა ოთო ბულიავამ, სანდრო მეგენეიშვილმა კი სოხუმელებს
9 ქულა შესძინა. დამარცხებულებს 24 ქულითა და 11 მოხსნით საბა ლონჯანიძემ ულიდერა,
ხოლო მიქელაძემ ოლიმპელებს 15 ქულა შესძინა. 

მატჩისშემდგომი კომენტარები:

დიმიტრი ჟაკობოვი
(ოლიმპი): პირველ რიგში, მინდა მივულოცო ,,სოხუმს” ჩემპიონობა,
მადლობა მას ასეთი საინტერესო თამაშისთვის. ამ გუნდს ძალიან დიდ პატივს ვცემ. აგრეთვე
მადლობა ჩემს გუნდს,  დიდი თავდადებისთვის  და ბრძოლისთვის. ჩვენი ბიჭებით ძალიან ვამაყობ,
 წაგებას მთლიანად  ჩემს თავზე ვიღებ.  რა შეეხება დღევანდელ შეხვედრას,  დაძაბული და ემოციური გამოდგა. ,,სოხუმმა” პირველი
მეოთხედის საწყისი წუთებიდანვე მოიპოვა თამაშზე კონტროლი და მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.
 დიდი პრობლემა შეგვიქმნა კახა ჯინჭარაძემ,
რომლის გაჩერება ვერაფრით მოვახერხეთ. ჩვენს მოწინააღმდეგს არაერთი შანსი მივეცით შეტევაში,
რაც შეეხება ჩვენს თავდასხმას,  ძალიან ცუდი
პროცენტით ვუტევდით, როგორც პერიმეტრიდან, ასევე  საჯარიმო ხაზიდან. ამან კი შედეგზე დიდი გავლენა
იქონია.

რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, ყოვლთვის ვადევნებ თვალს
ყველა ასაკის ჩემპიონატს და 20-წლამდელთა ლიგა იყო ყველაზე საინტერესო, სადაც კონკურენცია
ძალიან  მაღალი იყო. ერთადერთი მინუსი წლევანდელ
სეზონში გუნდების სიმცირე იყო.  ყველა გუნდს
ჰქონდა თითქმის თანაბარი შანსი, პლეი ოფში
 4 დამსახურებული გუნდი გავიდა.  მადლობა ყველა გუნდს, კალათბურთის ფედერაციას, მწვრთნელებს,
მსაჯთა მაგიდას, მაყურებლებს, რომელთა გარეშე წლევანდლი ჩემპიონატი ასეთი  საინტერესო არ იქნებოდა.

ლიკა ქაჯაია
(სოხუმი): წლევანდელ  სეზონს
ძალიან დადებითად ვაფასებ. მართალია სულ 6 გუნდი მონაწილეობდა, მაგრამ სისტემა
კარგად იყო შედგენილი, 4 წრედ ვიასპარზეთ და ბევრი თამაში გამოგვივიდა. ექვსივე ძლიერი
გუნდი იყო და გამოკვეთილი ფავორიტი არ ყოფილა. წინასაწარ ვერ იტყოდი, ვინ გახდებოდა
ჩემპიონი.

 რაც შეეხება
დღევანდელ თამაშს, მადლობა მოწინააღმდეგეს, კარგი ფინალი გამოვიდა. ყოველ წუთს შეიძლებოდა
სიტუაცია შეცვლილიყო, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ძლიერი ხასიათი გამოამჟღავნეს და მადლობა
მათ ამისთვის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ დღეს შედგა ჩემი ასისტენტის, თემურ კანკიას
დებიუტი, რომელმაც სულ რაღაც ერთი წელია, რაც მწვრთნელობა დაიწყო და უდიდესი სამუშაო
გასწია. ასევე მოხარულივარ,  რომ დღეს ვეთამაშეთ
დიმიტრი ჯაკობოვის გუნდს, რომელიც, როგორც მწვრთნელი, ჩვენს კლუბში დაიბადა. შარშან ჩვენ
ერთად გავხდით 20-წლამდელთა ლიგაში ჩემპიონები და ვფიქრობ, დიმიტრის  წინ ძალიან დიდი სამწვთნელო მომავალი ელის.

კახაბერ ჯინჭარაძე
(სოხუმი): ძალიან დაძაბული ფინალი იყო, როგორც სერიის პირველი
შეხვედრა, ასევე დღევანდელი. სასიხარულოა, რომ  დღეს მაქსიმალურად მოვახერხეთ მობილიზება. ჩვენი
მიზანი იყო მეტოქე წინ არ გაგვეშვა, რაც გამოგვივიდა კიდეც და თამაში ბოლო წუთებამდე
გავაკონტროლეთ. რაც შეეხება საუკეთესო მოთამაშის ტიტულს,  ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვარ. ყველა მოთამაშეს
სურს გახდეს საუკეთესო და ბედნიერი ვარ, რომ ეს ტიტული დღეს მე მერგო.