გალერეა
“სოხუმმა”
დღეს მიმდინარე სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა. თემურ კანკიასა და ლიკა ქაჯაიას
გაწვრთნილმა გუნდმა დრამატულ მატჩში “აკადემია” 82:80 დაამარცხა. სოხუმელები
ამ გამარჯვებას დიდი ხანი ელოდნენ. ჩემპიონატში განცდილი 15 წაგების შემდეგ გასული
სეზონის ჩემპიონმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.
სოხუმელებმა აღნიშნული
მატჩი, ფაქტობრივად, ორჯერ მოიგეს. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ კანკიას გუნდმა
მესამე პერიოდში 25:6 იმარჯვა და ბოლო მეოთხედის წინ 56:42 დაწინაურდა. თამაშის დასრულებამდე
5 წუთით ადრე სოხუმელები 16 ქულით – 68:52 იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში აკადემიელებმა
იმდენი ქნეს, რომ ჩამორჩენა გააბათილეს და თამაში დამატებით დროში გადავიდა.
გელა წულაძის
გაწვრთნილმა გუნდმა ისეთი თამაში შემოატრიალა, რომლის ანალოგიც ძალიან იშვიათად ხდება.
დასრულებამდე 1 წუთით ადრე გურამ კენჭიაშვილის ორქულიანის შემდეგ “სოხუმი”
74:68 დაწინაურდა. დარჩენილ დროში აკადემიელებმა არნახული შემართება გამოავლინეს, პრესინგით
სოხუმელებს ორჯერ ბურთი დააკარგვინეს – ნიკა ღურწკაიამ და ნიკა ამირხანაშვილმა სწრაფი
გარღვევები ჩააგდეს და ჩამორჩენა საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე მინიმუმამდე შეამცირეს
– 73:74.
“აკადემიამ”
ტაქტიკური ჯარიმა აიღო, კენჭიაშვილმა კი მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და დასრულებამდე
15 წამით ადრე 2 ქულით ჩამორჩენილმა აკადემიელებმა შეტევა წამოიწყეს. ფარქვეშ შეჭრილმა
ლუკა გიორგაძემ ბურთი ვეღარ შეიმაგრა, რომელიც სოხუმელებმა ჩაჭრეს და “აკადემიამ”
ისევ ჯარიმა აიღო. საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე კენჭიაშვილმა პირველი საჯარიმო
ჩააგდო, “სოხუმი” 76:73 დააწინაურა, მეორე კი ააცილა. ბურთი აკადემიელებმა
მოხსნეს, სწრაფად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და ამირხანაშვილმა საფინალო სირენის
თანხლებით სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა -76:76.
დამატებით 5-წუთეულში
კენჭიაშვილმა 4 საჯარიმო ააცილა, “აკადემია” კი 4 ქულით დაწინაურდა, თუმცა
სოხუმელებმა მებრძოლი სული გამოავლინეს და გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. გადამწყვეტ
მომენტში ჩინებულად ითამაშეს კოტე ბიწაძემ, გურამ კენჭიაშვილმა და რატი მარგალიტაძემ,
რომელთა შედეგიანობით სოხუმელებმა სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმეს – 82:80.
გამარჯვებულებს
32 ქულით კენჭიაშვილმა ულიდერა, მარგალიტაძეს 16 დაუგროვდა, ბიწაძემ კი პირად ანგარიშზე
12-12 ქულა-მოხსნა მიითვალა. “აკადემიაში” 27 ქულით საუკეთესო ამირხანაშვილი
იყო.
დაძაბული გამოდგა
“ოლიმპისა” და “ქუთაისის” დაპირისპირებაც. მატჩი გარდამავალი უპირატესობით
მიმდინარეობდა, ჯერ “ოლიმპი” ლიდერობდა, შემდეგ “ქუთაისი” დაწინაურდა.
ყველაფერი ბოლო წუთბზე გადაწყდა – ოლიმპელებმა დაძაბულ ფინალში გამარჯვების მოპოვება
მოახრხეს – 55:53.
გამარჯვებულებში
ორმაგი დუბლით ბექა ნადირაძე გამოირჩა, რომელმაც 14 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.
12 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკა ბაქრაძემ. ქუთაისელთაგან 26 ქულით საუკეთესო გიორგი
ცირეკიძე იყო, 10-10 ქულა-მოხსნა მოაგროვა დავით მაჭარაძემ.
დღის ბოლო შეხვედრაში
ბრძოლა არ შედგა. “შსს-აკადემიისა” და “ჰიუნდაის” მატჩის მხოლოდ
პირველი მეოთხედი იყო დაძაბული. მერე კი აკადემიელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და
გამარჯვება იოლად მოიპოვეს – 79:48.
უკვე ეჭვს აღარ
იწვევს, რომ რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე დაასრულებს “შსს-აკადემია”,
რომელსაც მიმდინარე სეზონში გამართული 17 მატჩიდან ერთადერთი მარცხი სწორედ დღევანდელ
მეტოქე “ჰიუნდაისთან” აქვს განცდილი.
“შსს-აკადემიაში”
ტრადიციულად ორმაგი დუბლით გამოირჩა შოთა გელაზონია, რომელმაც 20 ქულა და 13 მოხსნა
დააგროვა. 14 ქულა მიითვალა ერეკლე ლორთქიფანიძემ, ლერი კვანტალიანის ანგარიშზე კი
11 ქულა დაგროვდა. “ჰიუნდაიში” 16 ქულით ბომბარდირი სანდრო ბოლქვაძე გახდა,
ხოლო კახა ტომარაძემ 13 ქულა დააგროვა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
აკადემია – სოხუმი 80:82
გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი
მწვრთნელი): დაძაბული თამაში
იყო. მოვახერხეთ დიდი ჩამორჩენის აღმოფხვრა და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით,
თუმცა დამატებით დროში შანსი ხელიდან გავუშვით. მივულოცავ ,,სოხუმის’’ გუნდს მოგებას.
თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი): საკმაოდ
თანაბარი ბრძოლა გამოვიდა. მესამე მეოთხედში დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, თუმცა, სამწუხაროდ,
ბევრი შეცდომის გამო ამის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.
,,აკადემიას’’ ბოლოს 2 წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა, ჩვენმა ბიჭებმაც ბოლომდე იბრძოლეს
და გავიმარჯვეთ.
ოლიმპი – ქუთაისი 58:55
ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის’’ მთავარი
მწვრთნელი): ძალიან რთული და საინტერესო თამაში იყო, ორივე გუნდმა
ღირსეულად ითამაშა და გამარჯვებასაც ნამდვილად ორივე გუნდი იმსახურებდა. თუმცა, დღეს
იღბალი ჩვენს მხარეზე აღმოჩნდა. ბიჭებმა ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მოიგეს, ბოლო 2
წაგების შემდეგ ეს გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი
იყო.
კობა კირთაძე(,,ქუთაისის’’ მთავარი
მწვრთნელი): დასანანი მარცხი განვიცადეთ, შეგვეძლო მოგება, თუმცა
დაღლილობამ თავი იჩინა. რამდენიმე დღის წინ რუსთავში ჩავატარეთ 2 შეხვედრა, გუშინაც
ბოლომდე იბრძოლეს ბიჭებმა და ენერგიის აღდგენა დღეისთვის ვეღარ მოახერხეს.
ჰიუნდაი – შსს აკადემია 48:79
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის’’
მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად ვითამაშეთ. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე
თამაშის დალაგება. მეტოქემ კი, რომელსაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ყველაფერში
გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის
მთავარი მწვრთნელი): ბიჭების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, თითქმის უშეცდომოდ
ითამაშეს და ჩემი ყველა დავალება ზუსტად შეასრულეს, მეტოქეს არ წაუვიდა თამაში და სროლები
და სწორედ ამის გამო გავიმარჯვეთ დიდი სხვაობით. თუმცა, ამით არაფერი მთავრდება, პირიქით,
მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს. უკვე გავინაღდეთ პირველი ადგილი და დაველოდებით, ვინ
იქნება ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე. მაქსიმალურად მოვემზადებით პლეიოფებისთვის.