დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააქტო დარბაზში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ყრილობამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო – მიღებულ იქნა ფედერაციის ახალი წესდება, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ – ფიბამ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღეს.
ახალი წესდების განხილვა ყრილობაზე დეტალურად მოხდა. წესდებაში ყველა ის რეკომენდაცია და რჩევაა გათვალისწინებული, რომელიც ფიბა-სგან მოდიოდა და იგი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. წესდების მიღებას ყრილობის 37 დელეგატიდან 34-მა დაუჭირა მხარი, 3-მა დელეგატმა კი თავი შეიკავა.
ყრილობის მეორე ნაწილი გასული წლის ანგარიშს დაეთმო, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა მოამზადა. გენმდივანმა ყრილობის დელეგატებს გასულ წელს ჩატარებული საქმიანობის დეტალური ანგარიში წარუდგინა.
ყრილობის მიერ საანგარიშო წელს გაწეული მუშაობა დადებითად შეფასდა.