ტურის 3 მატჩიდან მაკაბი – რუსთავმა გაამართლა

ტურის 3 მატჩიდან მაკაბი – რუსთავმა გაამართლა

 შედეგები   გალერეა20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩებიდან დაძაბული
მხოლოდ 1 გამოდგა. „მაკაბისა“ და „რუსთავის“ შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში
წარიმართა და ბოლო წუთებზე მოპოვებული ლიდერობის წყალობით ქვემოქართლელთა გამარჯვებით
– 87:80 დასრულდა.

ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა რუსთაველებმა შეხვედრა კარგად
კი დაიწყეს და საწყისი პერიოდი 28:21 მოიგეს, თუმცა შემდეგ ვეღარ იყოჩაღეს და „მაკაბიმ“
რეზო მაღლაკელიძისა და თორნიკე გოგელაშვილის დახმარებით ჩამორჩენა გააბათილეს. დიდი
შესვენებისთვის ანგარიში თანაბარი – 43:43 იყო.

მეორე ტაიმიც თანაბრად წარიმართა, რომლის ბოლოსაც რუსთაველებმა
გუნდური თამაშის წყალობით გამარჯვების მოპოვება შეძლეს, რაც მეტწილად დათო ბარამიძის
(24 ქულა, 12 მოხსნა) დამსახურება იყო. მას მხარი კარგად აუბეს ირაკლი წიქარიშვილმა
(16 ქულა, 15 მოხსნა, 7 ჩაჭრა) და გიორგი ბექაურმა (16 ქულა). „მაკაბიში“ საუკეთესო
მაღლაკელიძესაც 24 ქულა ჰქონდა 8 ჩაჭრასთან ერთად, გოგელაშვილის ანგარიშზე კი 18 ქულა
დაგროვდა.

ამ მატჩამდე გაიმართა „აკადემიისა“ და „ვითას“ დიდსხვაობიანი
თამაში. აკადემიელებმა 40 ქულით – 85:45 დაამარცხეს მეტოქე, რაც მათი გუნდური თამაშის
დამსახურებაა. პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად დაძაბული ორთაბრძოლა გაიმართა და დიდი შესვენებისთვის
„აკადემია“ 7 ქულას იგებდა – 36:29. მესამე და მეოთხე პერიოდები გიორგი ნიკოლაძის გუნდის
სრული დომინირებით წარიმართა – 25:10 და 24:6.

„აკადემიაში“ 13 ქულითა და 7 მოხსნით ყველაზე შედეგიანი
ნიკა დარბაიძე იყო. 12 ქულა მოაგროვა გიორგი თევდორაშვილმა, ხოლო გიორგი ცხოვრებოვმა
თავისიანებს 11 ქულა მიაშველა. ვითელთაგან ნათელი წერტილი ექსაკადემიელი ლუკა გიორგაძე
გახლდათ, რომელმაც საბოლოოდ 18 ქულა, 11 მოხსნა და 5 ჩაჭრა დააგროვა.

ტურის ბოლო შეხვედრაში ჩემპიონატის ერთადერთმა დაუმარცხებელმა
გუნდმა „სოხუმმა“ 45 ქულით გაანადგურა „ქუთაისი“. სოხუმელთა უპირატესობა იმდენად დიდი
იყო, რომ მწვრთნელმა, თემურ კანკიამ 24 წუთზე მეტი არავინ ათამაშა. ტატო ზუზაძემ 20 ქულითა და 6-6 მოხსნა-პასით გამარჯვებულებს ულიდერა. 19 ქულა დააგროვა დავით
დოლიძემ, ხოლო თორნიკე გაგუას ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. რაც შეეხებათ დამარცხებულებს,
„ქუთაისს“ 16-16 ქულით ირაკლი მაცაბერიძემ და გიორგი აფაქიძემ ულიდერეს.