უმწვრთნელოდ მოგებული თამაში

უმწვრთნელოდ მოგებული თამაში

საინტერესო ფაქტი
დაფიქსირდა 20-წლამდელთა ჩემპიონატში. გუნდმა მწვრთნელის გარეშე მოიგო. თანაც, დამრიგებლის
გარეშე დარჩენილი გუნდი ერთ-ერთ ლიდერს ხვდებოდა.

ლაპარაკია აუტსაიდერ „ჰიუნდაიზე“,
რომელიც მეორეადგილოსან „შსს-აკადემიას“ ხვდებოდა და ეს უკანასკნელი 92:78 დაამარცხა.

მატჩის დაწყებიდან
წუთნახევარიც არ იყო გასული, როცა „ჰიუნდაის“ მწვრთნელ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს არბიტრმა
ზაზა მაჩალაძემ დისკვალიფიკაცია მისცა. ჰიუნდაელთა მწვრთნელმა მსაჯთან კამათისთვის
ზედიზედ 2 ტექნიკური ჯარიმა მიიღო, რაც ავტომატური დისკვალიფიკაციის ტოლფასია.

მწვრთნელის გარეშე
დარჩენილი „ჰიუნდაის“ მოთამაშეები თავიდან დაიბნენ და პირველი მეოთხედი 15:27 წააგეს.
ერთ ეპიზოდში ჰიუნდაელები 15 ქულითაც ჩამორჩებოდნენ, პირველი ტაიმის ბოლოსთვის კი სხვაობა
8 ქულამდე შეამცირეს. მესამე პერიოდში „ჰიუნდაი“ სულ სხვანაირად ათამაშდა. მწვრთნელის
გარეშე მოთამაშე კალათბურთელებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და პერიოდის
29:11 მოგების შემდეგ, ბოლო მეოთხედის წინ 10 ქულით დაწინაურდნენ – 70:60.

ჰიუნდაელები ისე
შედეგიანად თამაშობდნენ, ბოლო ათწუთეულში შსს-ელებმა ვერაფერი მოახერხეს, მათ ვერც
რეზო როგავას სარეკორდო  38-მა ქულამ უშველა.
გამარჯვებულებს 24 ქულით გუგა ძიძიგურმა ულიდერა, რომელმაც პირად ანგარიშზე 6 მოხსნა
და 7 პასიც ჩაიწერა. 16 ქულა ჰქონდა ალექსანდრე ბოლქვაძეს, ხოლო 11 ქულითა და 11 მოხსნით
ირაკლი ქილიფთარმა ორმაგი დუბლი შეასრულა. 
დამარცხებულთაგან საუკეთესო რეზო როგავა იყო,რომელმაც სეზონში მისთვის სარეკორდო 38 ქულა ჩააგდო. 14ქულა და 8მოხსნა ჰქონდა
ლერი კვანტალიანს, სოსო მაჭავარიანმა კი 11ქულას მოუყარა თავი.
ჰიუნდაი – შსს აკადემია  92:78

დღის მეორე მატჩში
ერთმანეთს „სოხუმი“ და „დინამო“ დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო
გამოდგა. ბოლო მეოთხედამდე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. თავიდან დინამოელები დაწინაურდნენ,
შემდეგ წინ „სოხუმი’’ გავიდა, მესამე პერიოდმა კი ქულა-ქულაში ჩაიარა.

კვანძი ბოლო პერიოდში
გაიხსნა, როცა სოხუმელებმა ზუსტი მიზანი გამოავლინეს, ამას  საიმედო დაცვაც ერთვოდა და ლიკა ქაჯაიას გუნდის უპირატესობამ
10 ქულას გადააჭარბა. ბოლო წუთებზე დინამოელებმა უდისციპლინო ქცევის გამო ტექნიკური
ჯარიმები მიიღეს, რითაც გამარჯვების შანსი დაკარგეს. საბოლოოდ „სოხუმმა“ 82:72 მოიგო
და ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა. პირველზე მყოფ „ოლიმპს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს
ჩატარებული.

სოხუმელთა შორის
21 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო ოთო ბულიავა იყო. 19 ქულით და 6 პასით თავი სანდრო
მეგენეიშვილმა გამოიჩინა, დავით გაფრინდაშვილმა სოხუმელებს 15 ქულა შესძინა,ხოლო კახა
ჯინჭარაძის ანგარიშზე 10 ქულაა. დინამოელთა რიგებში 2-მა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი
შეასრულა – შოთა გელაზონიამ 20ქულა და 18მოხსნა მიითვალა, ხოლო ბექა ღუდუშაურის ანგარიშზე
13ქულა და 15მოხსნაა. 16ქულით გიორგი გაბისონია გამოირჩა, 11ქულა ჰქონდა ალეკო ჩოჩიას,
ხოლო გიორგი ორმოცაძემ 10 ქულა მოაგროვა.
სოხუმი – დინამო  82:72

ჩემპიონატის მომდევნო
მატჩი 1 მარტს გაიმართება –  „რუსთავი“ „ოლიმპს“
უმასპინძლებს.