„ბრუკლინთან“ მაღალშედეგიანი თამაშის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ ტემპი მცირედით დააგდო და „დეტროიტთან“ ორმაგ დუბლს ვერ უწია, თუმცა მაინც სტაბილურად ითამაშა და რაც მთავარია, მისმა გუნდმა იმარჯვა. ოკლენდელებმა სამმატჩიანი გასვლითი ტურნეს მეორე შეხვედრა დეტროიტში – „პისტონსთან“გამართეს, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში – 119:113 დაამარცხეს.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 19 წუთში სროლათა 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენა. ზაზამ 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 7 ქულას ქართველმა ცენტრმა ამდენივე მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. გოლდენსტეიტელებმა მასპინძლები ბოლო წუთზე გატეხეს, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა.
ოკლენდელებს 32 ქულით კევინ დიურანტმა ულიდერა. 25 ქულა და 8 პასი სტეფ კარის ანგარიშზეა. შვილის შეძენის გამო ერთმატჩიანი არყოფნის შემდეგ გუნდში დაბრუნებულმა დრეიმონდ გრინმა კი 12 პასი, 10 მოხსნა და 5 ქულა მიითვალა. შედეგიანად გამოიყენა 9-ქულიანი სათამაშო დრო ჯავალ მაკგგიმ, რომელმაც 9 წუთში 15 ქულას უწია.
„გოლდენ სტეიტისთვის“ ეს იყო სეზონის 27-ე და ზედიზედ მე-7 გამარჯვება. ნბა-ს ლიდერი ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 25 დეკემბრის საღამოს, მოქმედ ჩემპიონ „კავალერსთან“ – კლივლენდში გამართავს. ცენტრალურ საშობაო მატჩში მონაწილეობა ნებისმიერი კალათბურთელისთვის დიდი პატივი და ზეიმია.