13 მაისს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართება. ღონისძიებას ტურნირის მასპინძელი კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს. წილისყრის შედეგად შევიტყობთ, თუ ვინ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების 3 მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ეტაპზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2023 წელს იასპარეზა და ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა. საქართველო მსოფლიოს პირველობაზე 16 საუკეთესო ნაკრებში მოხვდა და ახლა შანსი აქვს, მუნდიალზე ზედიზედ მეორედ იასპარეზოს.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი კონტინენტების მიხედვით განაწილდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ევროპის საკვალიფიკაციო, რომელშიც მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს. აქვე აღვნიშნოთ, რომ ამ 32 გუნდიდან 24 ევრობასკეტ 2025-ის მონაწილეა, ხოლო დარჩენილი 8 ადგილისთვის ეს 12 ნაკრები იბრძოლებს აგვისტოში: ხორვატია, უკრაინა, უნგრეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, დანია, სლოვაკეთი, ნორვეგია, ავსტრია, რუმინეთი და შვეიცარია.
თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ არის 4 განთესვის კალათა და შესაბამისად, თითოეულიში 8 ნაკრებია. ფიბა-მ იხელმძღვანელა მსოფლიოს მიმდინარე რეიტინგით, რომელშიც საქართველო ისტორიულად უმაღლეს საფეხუურზეა – მე-14 ევროპაში და 24-ე მსოფლიოში. შესაბამისად, საქართველო მოხვდა მე-2 კალათაში იტალიასთან, მონტენეგროსთან, ჩეხეთთან, პოლონეთთან, ფინეთთან, თურქეთთან და დანია, ხორვატიასა და შვეიცარიის ჯგუფში გამარჯვებულთან. თითოეული განთესვის კალათა გაყოფილია შუაზე, 4-4 გუნდად და შესაბამისად, წილისყრისას გუნდები შემდეგი ქვე-კალათებიდან შეიჩევიან: ერთის მხრივ 1, 4, 5, 8 და მეორეს მხრივ 2, 3, 6 და 7.
ევროპის შესარჩევი ტურნირი წინამორბედის ანალოგიური იქნება. 32 ნაკრები 8 ჯგუფში განაწილდება. თითოეული, 4-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გავა. პირველი ეტაპის 6 მატჩისთვის გამოყოფილი იქნება 3 სათამაშო ფანჯარა, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დაიწყება და 2026 წლის ივლისში დასრულდება.
მეორე ეტაპზე გასული 24 ნაკრები 4 ჯგუფში განაწილდება. თამაშები 2026 წლის აგვისტოში დაიწყება, ნოემბერში გაგრძელდება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება. თითო ჯგუფიდან გასული 3-3 ნაკრები (ჯამში 12 ქვეყანა) მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
შესარჩევი ტურნირის გათამაშების სისტემის უკეთ აღსაქმელად იხილეთ მისი ანიმაციური ვარიანტი.