საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა, რომელმაც ევროპის ლიგის მესამე ეტაპის პირველ სათამაშო დღეს თითო მოგებ-წაგება განიცადა, ეტაპის მეორე დღს ანალოგიური შედეგით დაასრულა.
თემური კანკისა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილი საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები 18 მარტს გამართულ პირველ მატჩში ლიტვურ „ელექტროლუქსს“ შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, მხოლოდ 1 ქულით – 61:62 დამარცხდნენ. ბოლო წამებამდე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა აბოლოოდ გამარჯვება ლიტველებს დარჩათ.
საქართელოს ნაკრებში 23 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ბიგანაშვილი. 12-12 ქულა ირაკლი კილაძემ და ზურა ვაშაკიძემ დააგროვეს. დღის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები კვლავ ლიტვურ გუნდს შეხვდა. ქართველების მეტოქე მსოფლიოს ვარსკვლავის – არვიდას საბონისის საკალათბურთო აკადემია გახლდათ, რომელსაც ჩვენებმა დაძაბულ ბრძოლაში – 51:47 სძლიეს.
მატჩის ბედი ქართველებმა ბოლო პერიოდში გადაწყვიტეს, რომლის დაწყებამდეც 5 ქულით აგებდნენ, თუმცა გადამწყვეტი მეოთხედი 19:10 მოიგეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. 15 ქულით ჩვენს გუნდს ზურა ვაშაკიძემ ულიდერა. 10 ქულა დავით გოგაძის ანგარიშზე დაგროვდა.
მე-3 ეტაპისა და შესაბამისად, რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში ქართველები 19 მარტს ლატვიურ „რიგას“ შეხვდებიან.