16 წლამდე გოგონათა ნაკრები ბრინჯაოსმედალოსანია – სალომე სვანი სიმბოლურ ხუთეულში

16 წლამდე გოგონათა ნაკრები ბრინჯაოსმედალოსანია – სალომე სვანი სიმბოლურ ხუთეულში

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის C დივიზიონის ბრინჯაოს მედლების მფლობელია. ნუგზარ ჭეიშვილისა და თეა კომლაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ანდორაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავა. ქართველებმა რევანში აუღეს მალტას, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე, ტურნირის სადებიუტო მატჩში 74:79 დამარცხდნენ. საბოლოოდ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში საქართველოს მალტა შეხვდა და ამჯერად 5 ქულით ქართველებმა იმარჯვეს – 51:46 (სტატისტიკა).

ქართველებმა მეტოქეს მეორე პერიოდში აჯობეს, რომელშიც 16:9 იმარჯვეს და მოპოვებული უპირატესობა, მალტელთა თავგამოდებული ბრძოლისა და შეტევების მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნეს. ჩვენს ნაკრებში კვლავ სალომე სვანი გამოირჩა, რომელიც ერთადერთი იყო ჩვენს გუნდში, 10-ქულიან ბარიერს რომ ასცდა. სალომემ 24 ქულა, 5 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 

სალომე სვანი შევიდა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის სიმბოლურ ხუთეულში. ის ტურნირზე საშუალოდ 35.6 ქულას იხვეჭდა და ამ მაჩვენებლით საუკეთესო იყო.