16 წლამდე გოგონათა ნაკრები ნახევარფინალში, დრამატულ მატჩში ქულით დამარცხდა

16 წლამდე გოგონათა ნაკრები ნახევარფინალში, დრამატულ მატჩში ქულით დამარცხდა

მალტის დედაქალაქ ვალეტაში მიმდინარე FIBA-ს 16-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის (C დივიზიონი) ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები B ჯგუფის გამარჯვებულ ალბანეთს შეხვდა. ურთულეს და უკიდურესად დრამატულ ბრძოლაში ჩვენი გუნდი მინიმალური სხვებით, 57:58 დამარცხდა.

შეხვედრა მთელი 40 წუთის განმავლობაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი სამი მეოთხედი ალბანელებმა მოიგეს (18:16, 15:12, 17:16) და გადამწყვეტი პერიოდის წინ 6-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ. ბოლო ათწუთეულში საქართველოს ნაკრებმა დაცვაში შესანიშნავად ითამაშა, მეტოქეს მხოლოდ 8 ქულა ჩააგდებინა და თამაშის გადარჩენის რეალური შანსიც მიიღო.

მატჩის ბოლო წამები ნამდვილ ტრილერად იქცა:

  • საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე ელენე კალანდარიშვილის ორქულიანი აცდა, თუმცა თავდასხმაში ბურთი ლიზი ჯაბუამ მოხსნა;

  • 8 წამით ადრე ჯაბუას ფარქვეშიდან ნასროლიც არ ჩავარდა, მაგრამ შეტევაში ბურთს კვლავ ჩვენები — ამჯერად ლიზი ხუბუა დაეუფლა;

  • 6 წამით ადრე ალბანელებმა ხუბუაზე ჯარიმა აიღეს — სამწუხაროდ, ლიზიმ ორივე საჯარიმო ააცილა;

  • 3 წამით ადრე მეტოქემ ბურთი პერიმეტრს გარეთ გადააგდო (turnover), ტაიმ-აუტის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ბოლო შანსი მიეცა, თუმცა ელენე კალანდარიშვილის სამქულიანი მიზანს აცდა და შეხვედრაც დასრულდა.

  • საქართველო: მარიამ ცერცვაძე — 14 ქულა, ბაია ზურაბიშვილი — 12 ქულა, ლიზი ჯაბუა — 10 ქულა (ასევე: ნინი ივანიძე — 8, ლიზი ხუბუა — 5, მარიამი კეკელია — 5, ელენე კალანდარიშვილი — 3).

  • ალბანეთი: ჰელენა ბიბერი — 26 ქულა, ანტეა ფილოპატი — 10 ქულა, ტანია ემა სტაროვა — 8 ქულა.

ბრძოლა ბრინჯაოსთვის და ფინალი

მიუხედავად ნახევარფინალში გულდასაწყვეტი მარცხისა, საქართველოს U16 ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მედლების მოპოვების შანსი კვლავ აქვს. მე-3 ადგილისთვის მატჩში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ, 12 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, პარალელურ ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელმა მალტამ დამაჯერებლად, 12 ქულის სხვავობით დაამარცხა სომხეთი და ოქროს მედლებისთვის ალბანეთს დაუპირისპირდება. სწორედ მალტა იყო ის გუნდი, რომელთანაც საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე 2 ქულით წააგო.