16–წლამდელებმა უნგრეთი 26 ქულით გაანადგურეს და A დივიზიონს მიუახლოვდნენ

16–წლამდელებმა უნგრეთი 26 ქულით გაანადგურეს და A დივიზიონს მიუახლოვდნენ

ევროპის ჩემპიონატი. B  დივიზიონი. ესტონეთი. ტალინი. 9 აგვისტო
საქართველო 83:56 უნგრეთი
24:19 29:17 23:15 17:15
 
ქართველი 16–წლამდელები ესტონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალურ სვლას აგრძელებენ. გია კაზანჯიანის გუნდმა მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში უნგრეთი 26 ქულით გაანადგურა, რითაც ფაქტობრივად გაინაღდა ნახევარფინალში გასვლა, საიდანაც A დივიზიონამდე ერთი ნაბიჯია. B დივიზიონიდან ელიტაში ფინალში გასული გუნდები ინაცვლებენ.
 
საქართველოს ნაკრებმა უნგრელებთან ძალიან შეკრულად, გუნდური სულისკვეთებით ითამაშა. პირველი მეოთხედის 24:19 მოგების შემდეგ ქართველებმა კიდევ უფრო უმატეს ტემპს და დიდი შესვენებისთვის უკვე 17 ქულით ლიდერობდნენ. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ კაზანჯიანის შეგირდებს შანსი არ მიუციათ უნგრელებისთვის და საბოლოოდ ტურნირზე მოგებული მატჩებიდან ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვეს.
 

საქართველოს ნაკრები  ევროპის ჩემპიონატზე გუნდური სულისკვეთებით თამაშობს 
 
ქართველებისგან კვლავ გამოირჩა ირაკლი მიქელაძე (15 ქულა, 7 პასი), რომელიც სტატისტიკის თანახმად ტურნირზე ყველაზე კარგად ათამაშებს ბურთს. მას საშუალოდ მატჩში ყველაზე მეტი – 5 პასი აქვს. რაც შეეხება ბომბარდირებს, მატჩში საშუალოდ ჩაგდებული 19,4 ქულით მესამე ადგილზეა ბექა ბურჯანაძე, რომელიც 10,8 მოხსნით მოხსნებში მე–6 ადგილზეა.
 
ბურჯანაძემ უნგრეთთან 14 ქულა მოაგროვა, ხოლო ნიკა რამიშვილმა და ლევან გრძელიძემ 13–13 ქულა მიითვალეს. გუნდს გვარიანად დაეხმარა გიორგი ცირეკიძეც, რომელმაც ჩვენიანთაგან ყველაზე მეტი – 8 ბურთი მოხსა და ამდენივე ქულა ჩააგდო.
 
ამ გამარჯვებით საქართველო ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერი გახდა, რადგან ჰოლანდიამ სლოვენიასთან 62:79 წააგო. სლოვენიელები ქართველებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე 70:69 დაამარცხეს. გია კაზანჯიანის გუნდი 12 აგვისტოს სწორედ ჰოლანდიას ეთამაშება.
 
1.         საქართველო         2          2/0       153/125          4
2.         სლოვენია                 2          1/1       148/132          3
3.         ჰოლანდია                2          1/1       124/123          3
4.         უნგრეთი                  2          0/2       100/145          2
 
12 აგვისტო
უნგრეთი – სლოვენია           19:00
ჰოლანდია – საქართველო   21:15