16-წლამდელთ ნაკრებმა ბულგარეთში მასპინძლები 63:62 დაამარცხა

16-წლამდელთ ნაკრებმა ბულგარეთში მასპინძლები 63:62 დაამარცხა

16–წლამდელთა ნაკრები წარმატებით აგრძელებს საერთაშორისო საკონტროლო მატჩების სერიას.  გია კაზანჯიანის გუნდმა გასულ კვირაში ესტონეთში წაგების შემდეგ მასპინძლები მეორე მატჩში დაამარცხა, დღეს დილას კი ბულგარეთში ჩავიდა და საღამოს მასპინძელ თანატოლთა ნაკრები დრამატულ ბრძლაში – 63:62 დაამარცხა.

ქართველებმა შეხვედრა შედეგიანად დაიწყეს და პირველი მეოთხედის 24:22 მოგების შემდეგ უპირატესობას სათავისოდ ზრდიდნენ. შედეგიანად ირჯებოდა ვილი ისიანი, ასევე ქუთაისელი ვიტალი ცქიფურიშვილი. მესამე პერიოდის ბოლოსთვის ქართველების უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია – 49:39.
ბოლო ათწუთეულში ქართველებს დაღლა დაეტყოთ, რაც ლოგიკური იყო. კაზანჯიანის გუნდი გამთენიისას ჩვიდა ბულგარეთში და მოთამაშეებმა ძალების აღდგენა სრულად ვერ მოასწრეს. ბოლო წუთებზე მასპინძლებმა ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს, მაგრამ მატჩის მოგების რეალური შანსი არ მისცემიათ. ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით ბულგარელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და მატჩიც დასრულდა – 63:62.
ხვალ, თბილისის დროით 19 საათზე, საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები მეორე საკონტროლო მატჩს გამართავს, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდება.
 
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. ბულგარეთი. ბლაგოევგრადი. 16 ივლისი
ბულგარეთი 62:63 საქართველო
22:24, 9:12, 8:13, 23:14
საქართველო: ალიევი (5),  გოგალაძე (7), ლომიძე (10), გოგობერიშვილი (4), ისიანი (13); თვალაბეიშვილი (2), კერესელიძე (6), ცქიფურიშვილი (13), ცირეკიძე (3), ქვარაია, ნუცუბიძე, სანაია, აფხაზავა