16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის წარმომადგენლობით ტურნირში იასპარეზებს

16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის წარმომადგენლობით ტურნირში იასპარეზებს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 2-დან 8 თებერვლის ჩათვლით თურქეთში, წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ტრადიციულ ტურნირს საკალათბურთო წრეებში არაოფიციალურ მსოფლიოს ჩემპიონატს უწოდებენ.
თურქეთის ქალაქ საქარიაში 15 ქვეყნის ნაკრები მოიყრის თავს. უკვე შედგენილია ჯგუფები და კალენდარი. საქართველოსთან ერთად B ჯგუფში გერმანია, სლოვენია და შვედეთი მოხვდნენ. მასპინძლები 2 ნაკრებით იქნებიან წარმოდგენილნი. გთავაზობთ ტურნირის 4-ივე ჯგუფის შემადგენლობას:
A ჯგუფი – თურქეთი, რუსეთი, ბოსნია, ლატვია
B ჯგუფი – გერმანია, სლოვენია, შვედეთი, საქართველო
C ჯგუფი – სერბეთი, მონტენეგრო, არგენტინა, ბულგარეთი
D ჯგუფი – თურქეთი 2, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა
თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა, ჯგუფებში ჩარჩენილი გუნდები კი 9-16 ადგილებს გაითამაშებენ. გთავაზობთ საქართველოს ნაკრების კალენდარს:
 
2 თებერვალი                    შვედეთი – საქართველო       19:45
3 თებერვალი                    საქართველო – გერმანია        19:45
4 თებერვალი                      სლოვენია – საქართველო      17:30  
(მითითებულია თბილისის დრო)
 
პლეი ოფის და პლეი აუტის თამაშები გაიმართება 6, 7 და 8 თებერვალს.
თუ რა შემადგენლობით წავა საქართველოს ნაკრები თურქეთში, ამას მწვრთნელთა შტაბი გამგზავრებამდე რამენიმე დღით ადრე გადაწყვეტს. გასულ დღეებში 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბში ცვლილება მოხდა. ნაკრებს შეემატა ახალი ასისტენტი მწვრთნელი თემურ კანკია, გიორგი ნიკოლაძემ კი 18-წლამდელებში აინაცვლა. 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავ გია კაზანჯიანი იმუშავებს, ისევე როგორც მისი ასისტენტი ირაკლი ტომარაძე.