16–წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშს გუნდის მწვრთნელი და უფროსი აფასებენ

16–წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშს გუნდის მწვრთნელი და უფროსი აფასებენ

 
საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები ესტონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან წაუგებლად გავიდა და გადაინაცვლა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც დღეს უნგრეთთან, ხვალ კი ჰოლანდიასთან ელის თამაში და წარმატების შემთხვევაში გია კაზანჯიანის გუნდი ნახევარფინალში გავა. იქიდან კი A დივიზიონი ერთ ნაბიჯშია: ნახევარფინალში გამარჯვებული 2 გუნდი ელიტაში აინაცვლებს. ჩვენმა ნაკრებმა პირველი ჯგუფის თამაშებში მტკიცე ხასიათი გამოავლინა, 2 მატჩი დამატებით დროში მოიგო და თან ისეთი სიტუაციებიდან გამოძვრა, უმაღლესი კლასის გუნდებსაც რომ გაუჭირდებოდა ამის გაკეთება.
 
დღეს ტალინში გავუკავშირდით ჩვენი ნაკრების გუნდის უფროსს გელა წულაძეს და მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს, რომლებიც ესტონეთში მიმდინარე ჩვენთვის საინტერესო ამბებზე გვესაუბრნენ.
 
– რის ხარჯზე მიაღწია ნაკრებმა ამ წარმატებას? 4–დან ყველა თამაშის მოგება იოლი საქმე როდია?!
– უპირველესად გუნდური თამაშის ხარჯზე – გვესაუბრება გელა წულაძე –  გამორჩეულად კარგად არც ერთმა რგოლმა არ ითამაშა, კარგ დაცვას შედეგიანი შეტევა მოჰყვებოდა და ასე მივიწევდით თითოეულ თამაშში წინ. არც კონკრეტულად ვინმეს გამორჩევა არ მინდა, რადგან როცა რომელიმე მოთამაშე რაღაც კომპონენტში თავს გამოიჩენდა, მომდევნო მატჩში იმას უკვე სხვა ენაცვლებოდა და ასე ერთიანი ძალებით ვიგებდით თამაშებს.
– დაცვაზე ალბათ მაინც განსაკუთრებული ყურადღება გქონდათ გადატანილი…
– რა თქმა უნდა იმას, რომ კალათბურთის უმთავრესი კომპონენტი დაცვაა. თუკი ამ რგოლში საქმეს დაალაგებ, შეტევაში ხელ–ფეხი გაგეხსნება და ასე ვიყავით ჩვენც. ძირითადად ზონურ დაცვას ვთამაშობთ, თუმცა ხშირად, სათამაშო სიტუაციიდან გამომდინარე, ერთი–ერთზეც ვიყვანდით მოწინააღმდეგეს.
– ყველა მოგება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა რომელს გამოარჩევდით?
– ორ ოვერტაიმში მოგებულ მატჩს. სლოვენიასთან და ბელგიასთან მოგებულ მატჩებს იმიტომაც აქვს ფასი, რომ მათ დამატებით დროში მოვუგეთ. თანაც ორივე სათამაშო სიტუაცია გამოვცადეთ – ერთ ოვერტაიმში 7 ქულას ვაგებდით და მოვახერხეთ გამარჯვება, ხოლო მეორეში 6 ქულას ვიგებდით და მიუხედავად სლოვენიელების დიდი მონდომებისა, მაინც შევინარჩუნეთ ლიდერობა და 1 ქულით გავიმარჯვეთ. ეს უპირველესად დიდი ფსიქოლოგიაური გამოცდა იყო, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა ჩააბარეს. ამას გარდა, გამოჩნდა, რომ ჩვენი ნაკრები ფიზიკურად საკმაოდ კარგადაა მომზადებული.
– მომდევნო მეტოქეებზე რას იტყვით?
– უნგრეთი და ჰოლანდია ძლიერები რომ არ იყვნენ, მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდოდნენ. წინასწარ პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ. დღეს უნგრეთს ვეთამაშებით და ეს გუნდი საკმაოდ ტანმაღალია და შესაბამისად, სისხარტეში მოიკოჭლებს. თუ მოვახერხეთ ჩვენთვის სასარგებლო სწრაფი თამაშის უნგრელებზე მოხვევა, გაცილებით გაგვიიოლდება.
 

საქართველოს ნაკრები ესტონეთში
 
გია კაზანჯიანი:
 
– ჯგუფში საქართველომ ითამაშა 2 საუკეთესო და ცუდი მატჩი. კარგად გავისარჯეთ სლოვენიასთან და რუმინეთთან, ხოლო ბელგიასთან და ლუქსემბურგთან ჩვენი გუნდის თამაშით არ ვარ კმაყოფილი – ამას შედეგზე არ ვამბობ. მოვიგეთ და რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, უბრალოდ, ვერ ვითამაშეთ კარგი დაცვა და მეტოქეს განავარდების საშუალება მივეცით. საერთოდ, ბელგიასთან მატჩი იყო ერთ–ერთი ყველაზე დრამატული, რაც კი მე მინახავს და მონაწილეობა მიმიღია. თავიდან ისინი დაწინაურდნენ, მერე ჩვენ, მერე ისევ ისინი და ასე იცვლებოდა სიტუაცია მთელი თამაშის მანძილზე. მესამე მეოთხედის დასრულებას წამები აკლდა, როცა 15 ქულით ჩამოვრჩით და თითქმის გამოუვალ ვითარებაში აღმოვჩნდით.
– რის ხარჯზე მოახერხეთ ამ თამაშის გადარჩენა?
– დაცვის ხარჯზე, რაც იმაში გამოიხატა, რომ ბელგიას 8 წუთი ბურთი არ ჩავაგდებინეთ და 15 ქულინი ჩამორჩენა ლიდერობად ვაქციეთ. ბოლო წამებზე 2 ქულას ვიგებდით, ბელგიელები გატეხილები იყვნენ და ამ დროს მათი ფარის მხარეს შუქფარზე ნათურა გადაიწვა. ამის გამოსწორებას 15–20 წუთი დასჭირდა, რის განმავლობაშიც ბელგიელებმა დასვენება და რეაბილიტაცია მოახერხეს. ბოლო შეტევაში წამოვიდნენ, 2 ქულას ვიგებდით და 2 ჯარიმა რეზერვში იყო, რადგან 4 გუნდური ჯერ არ გვქონდა მიღებული. გამოვიყენეთ ეს ჯარიმები, მაგრამ სამწუხაროდ, მესამეჯერაც დავჯარიმდით და მეტოქემ საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ანგარიში გაგვითანაბრა.
– დამატებით დროში უკვე ისევ ჩვენ მოგვიხდა წაგებისგან თავის დაძვრენა…
– ოვერტაიმში 7 ქულით ჩამორჩენა ძალიან დიდი ფორაა მეტოქესთვის. მით უმეტეს, თამაშის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა. ამიტომაც იყო ეს მატჩი დრამატული და საოცარი, რომ მიუხედავად ასეთი უიმედო სიტუაციისა, მაინც მოვახერხეთ გამარჯვება.
– ლუქსემბურგთან მოგებული მატჩის უკმაყოფილო რატომ ხართ?
– უკმაყოფილო შედეგით არ ვარ, ისე კი მეტოქე რომ 98 ქულას ჩაგიგდებს, საიდანაც 13 სამქულიანია, კმაყოფილი ვერ იქნები. დაცვაში ვერ ვითამაშეთ კარგად, რაც იმან უფრო განაპირობა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 24 ქულით ვიგებდით და ბიჭები დაარხეინდნენ. მესამე მეოთხედში ლუქსემბურგელთა ერთმა მოთამაშემ სასწაულები აკეთა. ისეთ სამქულიანებს აგდებდა, რომელიც ყველა ლოგიკით არ უნდა ჩავარდნილიყო. დრიბლინგისას, ჯერ მოახლოებული არ იყო პერიმეტრის ხაზს, ასწევდა ხელებს და ისვრიდა. ბოლოს იმ მოთამაშეს საერთოდ შევეშვით, ესროლოს რამდენიც უნდა, ეგეთ ალალ ბედზე ნასროლს სულ ხომ ვერ ჩააგდებს მეთქი. ვუთხარი ბიჭებს. თუმცა ჩააგდო რამდენიმე და ლუქსემბურგელები 2 ქულით მოგვიახლოვდნენ ბოლო მეოთხედის შუაში. საბედნიეროდ, ბოლო წუთებში გამოჩენილმა გონივრულობამ მოაგებინა ჩვენს ბიჭებს ეს თამაში.
– მეორე ჯგუფიდან გასვლის შანსებზე რას იტყვით?
– გადაჭრით ვერაფერს, წინ რთული მატჩები გველის. ვთვლი, რომ სლოვენიის დამარცხების შემდეგ უნგრეთის ძლევაც შეგვიძლია, მაგრამ ყველაფერს უშუალოდ მოედანზე შექმნილი სათამაშო სიტუაცია გადაწყვეტს.