16-წლამდელთა ნაკრებმა დანიას ვერ აჯობა და მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს

16-წლამდელთა ნაკრებმა დანიას ვერ აჯობა და მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა დანიასთან კარგად დაწყებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა. გია კაზანჯიანის გუნდს ნახევარფინალში გასასვლელად სკანდინავიელების 9 ქულით დამარცხება ესაჭიროებოდა, თუმცა 62:74 წააგო და A დივიზიონში გადასვლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ამ შეხვედრამდე მასპინძელმა ბოსნიამ ჩეხეთი დაამარცხა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ნაკრებს მეორე ჯგუფური ეტაპიდან ნახევარფინალში გასვლის შანსი მიეცა. როგორც ვთქვით, ქართველებს დანიელების 9 ქულით დამარცხება სჭირდებოდათ და შეხვედრაც ისე დაიწყეს, გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახეს. 11:3, 17:11 – ასეთი ანგარიშით იგებდნენ ქართველები, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დანიელებმა 8:0 გარბენა მოაწყვეს და 19:17 დაწინაურდნენ.

პირველი მეოთხედი დანიელებმა 21:19 მოგვიგეს, მეორედან კი საკუთარი უპირატესობის განმტკიცებას შეუდგნენ, რაშიც მათ ზუსტი სროლები ეხმარებოდათ. ფარზე ქართველები მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ და კარგა ხანს მოხსნებში ჯაბნიდნენ კიდეც. მეორე მეოთხედში სკანდინავიელებმა 18:11 იძალეს და დიდი შესვენებისთვის 39:30 დაწინაურდნენ.
მესამე პერიოდში ჩრდილოელთა უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და ქართველების ბედიც გაირკვა. კაზანჯიანის გუნდს 9 ქულით მოგება სჭირდებოდა, რისი მოპოვებაც წარმოუდგენელი გახდა.
18 ქულით მატჩის ბომბარდირი გიორგი ცირეკიძე გახდა, ვილი ისიანმა კი მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა (15 ქულა, 12 მოხსნა) და ტურნირზე საუკეთესო მეფარეთა დავაში პირველი ადგილი შეინარჩუნა. რაც შეეხებათ დანიელებს, მათ უფრო გუნდურად ითამაშეს: 4-მა კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარს მიაღწია.
საქართველოს ნაკრები ახლა V-VIII ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება. 17 აგვისტოს კაზანჯიანის გუნდი ინგლისს შეხვდება და თუ მოიგებს, ჩეხეთსა და მაკედონიას შორის გამარჯვებულს მე-5 ადგილისთვის დაუპირისპირდება. ინგლისელებთან წაგების შემთხვევაში საქართველო ზემოთნახსენების წყვილის წაგებულთან მე-7 ადგილს გაითამაშებს.
 
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. მეორე ეტაპი. 15 აგვისტო
საქართველო 62:74 დანია
19:21, 11:18, 13:20, 19:15
სრული სტატისტიკა: 62:74
 
მეოთხედფინალური რაუნდი (F ჯგუფი)

1.

ბოსნია-ჰერცეგოვინა

3

3/0

216/193

6
2.

დანია

3

2/1

214/188

5
3.

ჩეხეთი

3

1/2

165/189

4
4.

საქართველო

3

0/3

176/201