16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მასპინძლების ძლევით დაიწყო

16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მასპინძლების ძლევით დაიწყო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა კადეტთა ნაკრებმა ბუქარესტში მიმდინარე ევროპირველობის B დივიზიონი მასპინძლების ძლევით დაიწყo. ქართველებმა რუმინეთის ნაკრები 55:51 დაამარცხეს და მომავალი მატჩებისთვის კარგი განწყობა შეიქმნეს.
რუმინეთის გუნდი არ ითვლება მაჩანჩალად. ამ გუნდს რომ პოტენციალი არ ჰქონდეს, ევროპირველობის ჩატარებაზე პრეტენზია არ ექნებოდა. რუმინეთში ეს თაობა პერსპექტიულად ითვლება და ქვეყნის საკალათბურთო ხელმძღვანელობამ მთავრობასთან ერთად B დივიზიონის მასპინძლობა ითავა. თუმცა სტარტი წარუმატებელი გამოდგა: პირველივე მატჩში ქართველებთან დამარცხება.

საქართველოს ნაკრებმა გუნდური სულისკვეთებით ითამაშა. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, ამ ასაკში ამას ვერ გავექცევით, თუმცა საბოლოო შედეგი დამაკმაყოფილებელია და ის 27 დაკარგვა, რომელიც ჩვენებს დაუგროვდათ, სანერვიულო არ არის. საერთოდ, მატჩი ძალიან ნერვიული გამოდგა და ბურთის ჩავარდნა გვარიან პრობლემას წარმოადგენდა. საწყისი 6 წუთის შემდეგ ანგარიში 4:1(!) იყო რუმინეთის სასარგებლოდ. თუმცა დარჩენილ დროში ჩვენებმა თამაში გამოასწორეს, მიზანი გაისწორეს და პირველი მეოთხედი 15:10 მოიგეს.
მეორე მეოთხედში მასპინძლებმა იძალეს. რუმინელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, მერე კი დიდი შესვენებისთვის გალიდერდნენ კიდეც – 24:22. საერთოდ, ნათქვამია, მატჩის ბედი მესამე მეოთხედში წყდებაო. ვინც ამ პერიოდს დამაჯერებლად მოიგებს, საბოლოო წარმატებაც ძირითადად მას რჩება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. კაზანჯიანის შეგირდებმა რუმინელები 20:13 დაამარცხეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 42:37 დაწინაურდნენ.
რუმინელებმა რაც მოახერხეს, ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირება იყო. გადამწყვეტ წუთებში ქართველებმა დამაჯერებლად ითამაშეს და საბოლოოდ მნიშვნელობან გამარჯვებას მიაღწიეს. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია და ნაკრებმა გუნდური თამაშის წყალობით მოახერხა გამარჯვების მიღწევა. სათამაშო დრო 10 კალათბურთელზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა, სულ კი მოედანზე 11 მოთამაშე გავიდა. 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ლუკა ზაქრაძემ (11) გადააბიჯა, ქულის გარეშე კი მოედანზე გასული არც ერთი კალათბურთელი არ დარჩენილა (ამას მატჩის სრულ ოქმში ნახავთ).
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ხვალ ბოსნიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება. ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი, რომელშიც ბოსნია ესტონეთს ხვდება, დღეს, გვიან ღამით დასრულდება
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. პირველი ჯგუფური ეტაპი. რუმინეთი. ბუქარესტი. 19 ივლისი
რუმინეთი 51:55 საქართველო
10:15, 14:7, 13:20, 14:13
სრული სტატისტიკა:
http://u16men.fibaeurope.com/enDivB/cid_IIYgusIDGZQ9Od8JC9C9x0.gameID_8819-C-2-1.compID_YUjW-7-FJ,kK9s431Lyr41.season_2012.roundID_8815.teamID_.html