18–წლამდელთა ჩემპიონატი: ფოთის დებიუტი ქართულ კალათბურთში

რუსთავი – ფოთი 78:39
დინამო – ფოთი 94:73
დამოუკიდებელ საქართველოში ფოთის გუნდს არც ერთ ასაკობრივ ჩემპიონატში არ მიუღია მონაწილეობა. მათი დებიუტი გასულ დღეებში შედგა 14 და 18–წლამდელთა ჩემპიონატებში. მიუხედავად მარცხისა, ფოთელებს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვთ.
18–წლამდელთა გუნდს მთავარი მწვრთნელი როლანდ გარუჩავა ვერ ჩამოყვა და მის არ ყოფნაში ფოთელებს გერმანე შურღაიამ უთავკაცა. ფოთელებმა ჯერ რუსთავში ითამაშეს 5 მარტს, ხოლო მეორე დღეს, სპორტის სასახლეში, სუპერლიგის ტურის დაწყებამდე „დინამოს“ გაეჯიბრნენ. სწორედ დინამოსთან გამოაჩინეს ფოთელებმა, რომ არცთუ ურიგო მოთამაშეები ყავთ. აი, გუნდი კი ვერაა სათანადოდ შეკრული, რაც უპირველესად გამოუცდელობის და შეუთამაშებლობის ბრალია. ამ გუნდმა ხომ პირველი ოფიციალური შეხვედრა 2 დღის წინ რუსთავში გამართა. იმ მატჩში ფოთელებმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ქვემოქართლელებს და 39:78 დამარცხდნენ.
მეორე დღეს კი მართლაც ყველა გააოცეს, როცა „დინამოს“ თითქმის მთელი პირველი ტაიმი ტოლ–სწორად ეთამაშნენ და უმეტესად ლიდერის როლში იმყოფებოდნენ. თანაც „დინამო“ „რუსთავისგან“ განსხვავებით ჯგუფის ლიდერია და მხოლოდ ერთი მარცხი აქვს განცდილი მიმდინარე ჩემპიონატში. აი, ასეთ ძლიერ მეტოქესთან იყოჩაღეს ფოთელებმა და დებიუტში მოპოვებული ლიდერობა პირველი მხოლოდ ტაიმის მიწურულს დაკარგეს.
მერე კი „დინამომ“ სისწრაფე აკრიფა და საიმედოდ ჩამოიტოვა ფოთელები. საბოლოოდ ზღვისპირელები 21 ქულით დამარცხდნენ, თუმცა ამ გუნდს რომ მომავალი აქვს, მისი წევრების კარგი თამაშიდან გამოჩნდა. კახაბერ ჯინჭარაძე ჩინებულად გაისარჯა. ის ყველა პოზიციაზე წარმატებით თამაშობდა – ფარქვეშ, უკანა ხაზში, შორიდანაც აგდებდა და ახლოდანაც. გამოირჩეოდა გიორგი რუხაიაც, რომელიც საკმაოდ ტანმაღალი და სწრაფია.
სწორი და დაუზარელი მუშაობით ფოთელებს კარგი შანსი აქვთ, მიმდინარე ჩემპიონატში თუ არა, სამომავლოდ მაინც გამოიჩინონ თავი და თავისი ადგილი დაიმკვიდრონ ქართულ საკალათბურთო ოჯახში.