18-წლამდე გოგონათა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის წინ პაატა გურასპაული და ქალთა ნბა-ს მოთამაშეები შეხვდნენ

18-წლამდე გოგონათა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის წინ პაატა გურასპაული და ქალთა ნბა-ს მოთამაშეები შეხვდნენ

18-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე  B დივიზიონში იასპარეზებს.

გამგზავრებამდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში  გოგონათა ნაკრებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და ქალთა კალათბურთის ვარსკვლავები, აშშ-ს ნაკრებში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი რუთი ბოლტონი და  „სიეტლისა“ და „დეტროიტის“ შემადგენლობაში ქალთა ნბა-ს ორგზის ჩემპიონი შერი სემი შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ მოწვეული სტუმრები არიან.

კალათბურთის მსოფლიო დონის ვარკვლავებმა გოგონათა ნაკრებს ღია ვარჯიში ჩაუტარეს და  ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვეს.  

რუთი ბოლტონმა და შერი სემმა დღესვე ოლიმპიურ სასახლეში კლინიკა გამართეს ბავშვთა საკალათბურთო სკოლებისთვისაც.

საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში იასპარეზებს. ტურნირს 3-დან 12 აგვისტოს ჩათვლით ავსტრიის ქალაქები – ობერვარტი, ფიურსტენფილდი და გუსინგი უმასპინძლებენ.

B დივიზიონში 24 ნაკრები იასპარეზებს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში – ფინეთთან, რუმინეთთან, პორტუგალიასთან, კვიპროსთან და ისლანდიასთან მოხვდა. ჯგუფიდან პლეი ოფში  2 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს.   

 

გოგონათა 18-წლამდე საქართველოს ნაკრების თამაშების კალენდარი ასე გამოიყურება:

3 აგვისტო       რუმინეთი – საქართველო                 22:15
4 აგვისტო       საქართველო – ისლანდია                 22:15
5 აგვისტო       ფინეთი – საქართველო                      20:00
7 აგვისტო       საქართველო – პორტუგალია           17:45
8 აგვისტო       კვიპროსი – საქართველო                  22:15
პაატა გურასპაული (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): დიდ მადლობას გადავუხდი ამერიკის საელჩოს. ქალთა კალათბურთის განვითარებისთვის საქართველოში მსგავს ღონისძიებებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. გოგონებს წარმატებულ და შედეგიან  ასპარეზობას ვუსურვებ ევროპის ჩემპიონატზე.  კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საქართველოში ქალთა კალათბურთის აღორძინებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს.

ნატალია ოთხმეზური(18-წლამდე გოგონათა ნაკრების კალათბურთელი): ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის მოთამაშეებისგან გამოცდლიების გაზიარება და მათთან ერთად ვარჯიში. მიზნად დასახული მაქვს  ქალთა ნბა-ში თამაში, ისინი კი სწორედ   ნბა-ს ჩემპიონები არიან. ვეცდები მაქსიმალურად ბევრი ვისწავლო მათი ვარჯიშებიდან და მომავალში სათამაშო პრაქტიკაში გამოვიყენო. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ძალიან კარგ ფორმაში ვართ და ვცდილობთ ეს კონდიციები შევინარჩუნოთ. იმედია ვეროპის ჩემპიონატზე მნიშვნელოვან შედეგს ვაჩვენებთ.  

სალომე კალანდაძე (18-წლამდე გოგონათა ნაკრების მოთამაშე, გუნდის კაპიტანი): დღევანდელმა დღემ ძალიან დიდი გამოცდილება შეგვძინა. ვარჯიშმა საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა.  ისინი მუდმივად გვამხნევებდნენ და სტიმულს გვაძლევდნენ. მივიღეთ მნიშვნელოვანი რჩევები, ყველაზე მეტად კი ის მომეწონა რომ ხაზგასმით აღნიშნავდნენ გუნდის ერთიანობის ძალას. ეს კი ჩვენთვის, როგორც ნაკრებისთვის, რომელსაც წინ ევროპის ჩემპიონატი ელოდება, ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია.

რუთი ბოლტონი (აშშ-ს ნაკრებში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი):  ძალიან კარგი დღე იყო, ვისიამოვნე გოგონებთან ერთად ვარჯიშით. შესანიშნავ ფორმაში არიან, ბევრს შრომობენ. საუკეთესოს ვუსურვებ თითოეულ მათგანს და ყველას ერთად, როგორც გუნდს. მინდა ძალიან წარმატებულები იყვნენ.

შერი სემი (ქალთა ნბა-ს ორგზის ჩემპიონი): დღევანდელი ვარჯიში შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ჩემთვის, რომ გამეზიარებინა გოგონებისთვის ჩემი გამოცდილება და ცოდნა კალათბურთის შესახებ. მათ ზუსტად ისევე უყვართ კალათბურთი, როგორც მე, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით.