18–წლამდელთა მწვრთნელი მიხეილ ბერუაშვილი უკრაინულ შეკრებას დადებითად აფასებს

18–წლამდელთა მწვრთნელი მიხეილ ბერუაშვილი უკრაინულ შეკრებას დადებითად აფასებს

საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები უკრაინული ტურნედან დაბრუნდა, სადაც 3 სპარინგ–მატჩი გამართა უკრაინელ თანატოლებთან. სლავთა ნაკრები A დივიზიონშია და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპსაც დიდი ამბიციით ხვდება. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა სამივე შეხვედრა დათმო უკრაინელებთან, თუმცა სპარინგ–მატჩებში შედეგზე მეტი ყურადღება მწვრთნელის ჩანაფიქრების შესრულებას, კომბინაციების სრულყოფას ექცევა და ქართველების თავკაცი მიხეილ ბერუაშვილი ამ მხრივ უკმაყოფილო არ დარჩენილა.
 

 
– უკრაინულ შეკრებას დადებით შევაფასებდი. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ამ ახალი გუნდის თამაშის მანერა დამენახა – განაცხადა მიხეილ ბერუაშვილმა – თითოეული მოთამაშის შესაძლებლობებში დავრწმუნებულიყავი, ის კომბინაციები გაგვეთამაშებინა, რომლებსაც თბილისური შეკრების დროს ვამუშავებდით. ეს ყველაფერი მოვახერხეთ და ის, რომ გუნდმა სამივე სპარინგ–მატჩი წააგო, მეორეხარისხოვანია.
– პირველი და განსაკუთრებით მეორე შეხვედრა საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარეთ…
– უკრაინის ნაკრები საკმაოდ ამბიციური გუნდია და ეს ამბიცია ჰაერზე არ მოსულა. უკრაინელებს ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ. მართალია, ისინი 2 წამყვანი კალათბურთელის გარეშე გვეთამაშნენ, მაგრამ მათ გარეშეც დიდ ძალას წარმოადგენდნენ. პირველ მატჩში ოდნავ ნაკლები შეცდომები რომ დაგვეშვა, მოგებაც შეიძლებოდა. მთელი მატჩის განმავლობაში უკან მივდევდით უკრაინელებს და ბოლო მეოთხედში 4 ქულამდეც შევამცირეთ ჩამორჩენა, თუმცა საბოლოო ნაბიჯის გადასადგმელად ძალა არ გვეყო.
– ყველაზე დიდი სხვაობით მეორე შეხვედრაში დამარცხდით.
– მეორე შეხვედრაში იმ კალათბურთელებს მივეცი შანსი, რომლებიც პირველ მატჩში მცირე ხნით ვათამაშე. ამხანაგური მატჩების მნიშვნელობა ხომ ისაა, რომ ყველა კალათბურთელს მისცე თავის გამოჩენის შანსი. სამწუხაროდ, მეორე მატჩში მეტი შეცდომა დავუშვით და დავმარცხდით. ბოლო შეხვედრაში კი გუნდმა მებრძოლი სული გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ გადაღლილებიც იყვნენ და 2 წაგებაც გვქონდა, ყველამ, ვინც მოედანზე გამოვიდა, ბოლომდე იბრძოლა.
– განსაკუთრებით ალბათ გიორგი ცირეკიძის გარჯას გამოჰყობთ. უკრაინელებმა ის ძალიან აქეს…
– ცირეკიძემ კარგად ითამაშა. ის პირველ მატჩშიც მონაწილეობდა, მაგრამ ფეხი იტკინა და მეორე შეხვედრაში მის დატვირთვას მოვერიდე. გიორგი დასვენებული იყო და ხასიათიც გამოავლინა. მხოლოდ ცირეკიცეს არ გამოვყოფდი, ირაკლი მიქელაძემაც ჩინებულად ითამაშა, უხვად პასები გასცა და ჩაჭრები აკეთა.
– მოკლედ რომ თქვათ, რა იყო უკრაინული ტურნეს დადებითი შედეგი?
– დავინახე, რომ გუნდს დაცვაში თამაში და შეტევაში სწრაფად გადასვლაც შეუძლია. თანამედროვე კალათბურთში გუნდი ამას თუ კარგად აკეთებს, მას წარმატებამდე ბევრიც არაფერი აკლია. დავინახე, რომ ბიჭებს თამაშისას იმ კომბინაციების შესრულება შეუძლიათ, რასაც ვარჯიშებზე ვასწავლიდი.
– ახლა რა გეგმები გაქვთ?
– თბილისში, დიღმის ბაზაზე გავაგრძელებთ შეკრებას და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე შევეცდებით, თურქული ტურნეც მოვასწროთ. კალათბურთის ფედერაციაში მუშაობენ ამ საკითხზე, რომ სტამბოლში რამდენიმე ამხანაგური მატჩი გავმართოთ. ევროპის ჩემპიონატზე, ბულგარეთში, მაინც თურქეთის გავლით მივდივართ და თუ ეს საქმე გამოვიდა, ვარნაში პირდაპირ სტამბოლიდან გადავალთ.
– უკრაინაში 13 კალათბურთელით იყავით. შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო შემადგენლობა შერჩეულია?
– არა, დღეს ჩვენ ბექა ბურჯანაძე შემოგვემატა. გიორგი ტეტელაშვილიც დაგვიბრუნდა და შეკრებას 15 კალათბურთელით ვაგრძელებთ. ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელ 12 მოთამაშეს, გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე დავასახელებ.