18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ესტონეთთან მარცხოთ დაიწყო

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B  დივიზიონი ესტონეთთან მატჩით გახსნა. მიხეილ ბერუაშვილის გუნდის მეტოქე ბალტიისპირეთის მძლავრი წარმომადგენელი გახლდათ, რომელთანაც ქართველები 16 ქულით – 57:73 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 10:18 დათმო და მიუხედავად იმისა, რომ მეორე პერიოდიდან თამაში გამოასწორა, ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ქართველებმა წააგეს, უხეიროდ შესრულებული საჯარიმო სროლები გახლდათ.
თავად განსაჯეთ: 19 ცდიდან საქართველოს ნაკრების წევრებმა მხოლოდ 5 საჯარიმო ჩააგდეს. სხვა კომპონენტებში ქართველები ესტონელებს ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ და რამდენიმე მაჩვენებელში ჯობდნენ კიდეც. პირველი ტაიმის შემდეგ სხვაობა ბალტიისპირელთა სასარგებლოდ 9 ქულას შეადგენდა, თუმცა როცა საჯარიმოებს ვერ აგდებ, მოგების პრეტენზიაც ვერ გექნება.
საქართველოს ნაკრებში ათქულიანი ბარიერი მხოლოდ ერეკლე ლორთქიფანიძემ დაძლია, რომელმაც 15 წუთში 13 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველთაგან 5 მოხსნაზე მეტი არავის მიუთვლია და სწორედ ამდენი დააგროვეს არჩილ პულუზაშვილმა, შოთა ნარჩომაშვილმა და უჩა გამრეკლიძემ.
ქართველებმა ვერაფერი მოუხერხეს ესტონელთა 210-სანტიმერტიან ცენტრ კარლ კასკს, რომელმაც 25 წუთში 22 ქულა მოაგროვა. ტანმაღალმა ბალტიისპირელმა 11 ცდიდან 9 ორქულიანი ჩააგდო.
ჩვენსავე ჯგუფში დღეს გერმანიამ 68:57 დაამარცხა ნორვეგია, ხოლო ჰოლანდიამ 65:45 გაანადგურა ავსტრია. ხვალ საქართველოს ნაკრები ჰოლანდიას, თბილისის დროით 14 საათზე დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მაკედონია. შტრუმიცე. 18 ივლისი
საქართველო 57:73 ესტონეთი
10:18, 21:22, 11:16, 15:17
სრული სტატისტიკა: 57:73
 
თამაშების განრიგი. B ჯგუფი. თბილისის დრო
19 ივლისი
ჰოლანდია – საქართველო                 14:00
20 ივლისი
საქართველო – ავსტრია                     18:30
21 ივლისი
გერმანია – საქართველო                    16:15
22 ივლისი
ნორვეგია – საქართველო                   23:00