18-წლამდელთა თბილისის ლიგა “მართვე 3”-მა მოიგო

18-წლამდელთა თბილისის ლიგა “მართვე 3”-მა მოიგო

18-წლამდელთა „ბ“ ლიგა დასრულდა. გასულ შემოდგომაზე, თბილისის პირველობიდან საქართველოს ჩემპიონატზე ვერგასული გუნდებისთვის თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა და კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ „ბ“ ლიგა შექმნა, რომელშიც რეგულარული ჩემპიონატის პრინციპით, მთელი სეზონი გაგრძელდა.
ფინალურ მატჩშ ერთმანეთს დავით და ირაკლი ბერიშვილების გაწვრთნილი „მართვე 3“ და დავით ჩარგეიშვილის „აკადემია“ შეხვდნენ“. აკადემიელები მწვრთნელის გარეშე თამაშობდნენ, რაკი მათი დამრიგებელი დისკვალიფიცირებული იყო.
შეხვედრა მართველების უპირატესობით დაიწყო. პირველი მეოთხედი ბერიშვილების გუნდმა 21:9 მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა. მატჩის ბედი მესამე პერიოდში გაირკვა, როცა „მართვე 3“-ის უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა.
საბოლოოდ მართველებმა 70:60 მოიგეს და „ბ“ ლიგის ჩემპიონები გახდნენ. გამარჯვებულებს 25 ქულითა და 11 მოხსნით გიორგი რეხვიაშვილმა ულიდერა. გამარჯვებულებს 19 ქულა მიაშველა სანდრო კარტოზიამ, ხოლო როსტომ ოქრიაშვილმა პირად ანგარიშზე 15 ქულა და 11 მოხსნა ჩაიწერა. „აკადემიაში“ 23 ქულით ბომბარდირი დათო ლეშკაშელი გახდა, გიორგი კაკულიამ კი თავი ორმაგ დუბლს – 19 ქულასა და 16 მოხსნას მოუყარა.
მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ნაირა შაკიაშვილის გაწვრთნილი „იმედი-მართვე“ და“ნიკეა 2“ შეხვდნენ. დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვება „იმედს“ დარჩა, რომელმაც მე-3 ადგილის მფლობელისთვის განკუთვნილი მედლები ჩაიბარა.