იტალიის სერია A
იტალიის ჩემპიონატში ქართველი მოთამაშეების გუნდები ხვდებოდნენ – მანუჩარ მარკოიშვილის “ბენეტ კანტუ” ვიქტორ სანიკიძის “კანადიან სოლარს” მასპინძლობდა. თუმცა, ვინაიდან მარკოიშვილი ჯერაც ტრავმირებულია, იგი მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა, სანიკიძის 8 ქულამა და 7 მოხსნამ კი ბოლონიელები მარცხისგან (67:83) ვერ იხსნა. “ვიკამ” მოედანზე 20 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ იუხეშეს. კანტუელებმა 11 მოგება მოაგროვეს და მე-3 პოზიცია გაიმყარეს, ბოლონიელები კი 8 გამარჯვებით მე-4 ადგილზე იმყოფებიან.
ამოერიდან იტალიის ჩემპიონატში „აველინოზეც“ მოგვიწევს ყურადღების გამახვილება, რაკი ამ გუნდის განაცხადში 18 წლის ქართველი მერაბ ბოქოლიშვილი გამოჩნდა. მართალია, ტრევიზოს “ბენეტონთან” მოგებულ (77:53) შეხვედრაში მასპინძელთა მთავარ მწვრთნელ ფრანჩესკო ვიტუჩის ბოქოლიშვილი მოედანზე არ გაუყვანია, თუმცა ის, რომ ახალგაზრდა ქართველი ძირითადი გუნდის შემადგენლობაში შეიყვანეს, თავისთავად ბევრს ნიშნავს.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის ქუინტონ ჰოსლის კარგი თამაშის მიუხედზვად „ხუვენტუდი“ სევილიურ “კახასოლთან” საშინაო მატჩში 59:79 განადგურდა. ჰოსლიმ 34:32 წუთს ითამაშა და 13 ქულით, 7 მოხსნითა და 1 პასით, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო. ქუინტონმა 7-დან 2 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბადალონელები კი 10 მოგებით მე-8 პოზიციაზე აღმოჩნდნენ.
საკუთარ მოედანზე დამარცხდა ტორინ გრინის “გრან კანარიაც”, რომლის მეტოქეც ჩემპიონატის ლიდერი “ბარსელონა” გახლდათ. შეხვედრის მე-3 მეოთხედში ლას პალმასელები 37:31-ს იგებდნენ, თუმცა, შემდეგ კატალონიელთა უპირატესობა აშკარა გახდა და მათ 75:54 იმარჯვეს. გრინმა მოედანზე 22:45 წუთი დაჰყო და გუნდს 4 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ტორინმა 4-დან 1 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, 6 სამქულიანი ააცილა და ერთხელაც ბურთი დაკარგა. “გრან კანარია” 9 მოგებით მეცხრე ადგილზეა.
ზედიზედ მე-2 ტურია უსაქმოდ გახლავთ ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც “ლაგუნ აროს” განაცხადში კი ხვდება, თუმცა, მოედანზე გასვლის საშუალება არ ეძლევა. მე-18 ტურში სან სებასტიანელები “ფუენლაბრადასთან” 74:94 დამარცხდნენ 7 გამარჯვებით მე-12 პოზიციაზე დარჩნენ.
ბელგიის ჩემპიონატი
წაგებები დაებედა თორნიკე შენგელიას “პეპინსტერს”, რომელსაც ბოლო 9 ტურში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ქართველის გუნდი ამჯერად ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ “აალსტთან” დამარცხდა – 69:75.
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდმა 13 წუთი ითამაშა და 5 სროლიდან მხოლოდ 1 ჩააგდო, რასაც 1 საჯარიმოც მოაყოლა და 3 ქულა დაუგროვდა. შენგელიას ანგარიშზე იყო ასევე თითო მოხსნა–ჩაჭრაც. “პეპინსტერს” 13 მატჩიდან 3 გამარჯვება აქვს და 9-გუნდიან ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება.