1997–წლამდელები: “რუსთავი” ფინალში გავიდა

საქართველოს 1997–წლამდელთა ჩემპიონატი. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი
22 ივნისი. აკადემიის დარბაზი
აკადემია 54:56 რუსთავი
 
პირველი ფინალისტი ცნობილია. დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში რუსთაველებმა 2 ქულით დაამარცხეს მასპინძლები და ფინალში გავიდნენ. გუშინ ქვემოქართლელებმა რუსთავში 30 ქულით დაჯაბნეს „აკადემია“ და დღეს 2–ქულიანი მოგებაც საკმარისი გახდა, რომ ნახევარფინალური სერია მოეგოთ.
თამაში სტუმართა უპირატესობით დაიწყო და რუსთაველებმა თავიდანვე სოლიდური ლიდერობა მოიხელთეს. პირველი მეოთხედი ქვემოქართლელებმა 20:7 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის რუსთაველები უკვე 17 ქულით ლიდერობდნენ. მეორე ტაიმში აკადემიელებმა თამაში გამოასწორეს და ჯერ ჩამორჩენის შემცირება, ბოლო მეოთხედში კი ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – 47:47.
გადამწყვეტ წუთებში თავისი სიტყვა თქვეს რუსთაველთა ლიდერებმა – გამთამაშებელმა ბონდო ცაგურიამ და გიგი გოგობერიშვილმა. ამ მოთამაშეებმა ჯამში 39 ქულა მოაგროვეს და რუსთაველთა გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანეს. გოგობერიშვილმა ბოლო წუთზე ჩაგდებული სამქულიანით აკადემიელებს წარმატების შანსი დაუკარგა.
მაშ ასე, „რუსთავი“ ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც „ბათუმისა“ და „ორბის“ დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს. ამ წყვილში ბათუმელები 1:0 უგებენ და სერიის მომდევნო მატჩი ხვალ, 23 ივლისს, აკადემიის დარბაზში, 14 საათზე გაიმართება.
 

აკადემიელთა ფარს უტევს გიგი გოგობერიშვილი