20–წლამდელები: “დინამომ” რუსთავში ჩემპიონი ქულით დაამარცხა

20–წლამდელთა ჩემპიონატი. რუსთავი. 27 ნოემბერი
ენერჯი–ინვესტი 88:89 დინამო
8:22, 24:16, 26:22, 30:29
ენერჯი: მაჭავარიანი (30 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი), დვალიშვილი (20ქ, 22მ, 3 დაფარება), ჩაჩანიძე (17), ხმელიძე (15), მებურიშვილი (4), ბერუაშვილი (2), გუგავა, ფხალაძე
დინამო: გლოველი (23), ალხანაიძე (19ქ, 11მ), დეკანოიძე (14ქ, 11მ), გულდედავა (13), აფაქიძე (6), ოკრიბელაშვილი (1), ნანიტაშვილი (4), მექვაბიშვილი, თვაური (2), მინაშვილი (5), დარახველიძე (2)
 
დავით თორთლაძის გაწვრთნილმა „დინამომ“ პირველსავე მატჩში გამოაჩინა, რომ ჩემპიონობის მოგების უმთავრეს კანდიდატთა შორისაა. ვინ, ვინ და დინამოელებმა გასული სეზონის გამარჯვებული „ენერჯი–ინვესტი“ რუსთავში დაამარცხეს. თორთლაძის გუნდი არც იმ დროს გატყდა, როცა მესამე ათწუთეულში მოპოვებული 18–ქულიანი უპირატესობა ხელიდან გაეშვა და ბოლო მეოთხედში ჩამორჩა კიდეც. თბილისელებმა ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძოლეს და რამდენიმე სუპერლიგელი მოთამაშის პატრონი და ზოგადად მძლავრი „ენერჯი–ინვესტი“ რუსთავში 89:88 დაამარცხეს.
 

 
აკაკი დვალიშვილი, ზურა მაჭავარიანი, რევაზ ჩაჩანიძე, ლევან ხმელიძე,გივი ბერუაშვილი – ეს ბიჭები „ენერჯი–ინვესტის“ სუპერლიგური გუნდის წევრები არიან და მოედანზეც ხშირად უწევთ ყოფნა. ამის გათვალისწინებით, რუსთაველებს ერთ–ერთი გამორჩეული გუნდი ჰყავთ და ეს „ენერჯი–ინვესტმა“ გასულ სეზონშიც დაამტკიცა, როცა 20–წლამდელთა ჩემპიონატი საკმაოდ იოლად მოიგო (ისევე, როგორც სუპერლიგა).
რა ითქმის „დინამოზე“? თორთლაძის ეს გუნდი გასულ სეზონში 18–წლამდელთა ჩემპიონატში თამაშობდა და ფინალში გავიდა. რაკი გუნდის ბირთვს ასაკი მოემატა, „დინამომ“ 20–წლამდელებში აინაცვლა და გუნდს გიორგი ნანიტაშვილი, სუპერლიგურ „დინამოში“ მოთამაშე უკანახაზელიც დაემატა. თუმცა მთავარი შევსება დინამოელებმა „მართვესგან“ მიიღეს გიორგი გლოველის სახით, რომელიც 18–წლამდელთა ნაკრების კანდიდატი გახლდათ და გასულ სუპერლიგაში „ნტდ–თბილისის“ შემადგენლობაშიც რამდენჯერმე ითამაშა.
გლოველმა რუსთავულ მატჩში 23 ქულა დააგროვა, მათ შორის ბოლო ორი ქულა სირენამდე 13 წამით ადრე საჯარიმოს ხაზიდან მოიპოვა, რითაც დინამოელებს 4–ქულიანი ლიდერობა და ფაქტობრივად გამარჯვება დაუბევა.
მანამდე კი მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. გლოველისა და ირაკლი ალხანაიძის აქტიურობით „დინამომ“ მესამე მეოთხედის მესამე წუთზე 18–ქულიანი ლიდერობა მოიპოვა: 50:32. თუმცა რუსთაველებმა ამავე მეოთხედში მოახერხეს ჩამორჩენის თითქმის ბოლომდე გაბათილება. მცირე შესვენებამდე დარჩენილი 7–წუთეული მასპინძლებმა 26:10 მოიგეს და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. რუსთაველთაგან ამ ეპიზოდში განსაკუთრებულად აკაკი დვალიშვილი, ლევან ხმელიძე და ზურაბ მაჭავარიანი გამოირჩნენ, თუმც რევაზ ჩაჩნიძის სამქულიანიც მეტად საჭირო იყო.
 

დინამოელთა თავკაცი დავით თორთლაძე
 
დაიწყო გადამწყვეტი მეოთხედი და რუსთაველებმა ლიდერობა მოიპოვეს – იმავ დვალიშვილმა და მაჭავარიანმა მანამდე აკრეფილი ტემპი არ დააგდეს და თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე „ენერჯი–ინვესტი“ 65:60 გაალიდერეს.
ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხია ნებისმიერი გუნდისთვის, როცა მეორე ტაიმში 18 ქულას იგებ და შემდეგ მეტოქე ისე გაჯობებს, რომ  5 ქულით გადაგასწრებს. ამიტომაც განსაკუთრებულად ფასობს დინამოელთა ეს გამარჯვება – მოქმედ ჩემპიონს სტუმრად არ შეუშინდნენ და დარჩენილ 8 წუთში ის 5–ქულიანი ჩამორჩენაც აღმოფხვრეს და ბოლო, გადამწყვეტ წამებშიც, გამარჯვების მომტანი ქულებიც მიითვალეს.