ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ავსტრია. 21 ივლისი
საქართველო 72:62 ბელარუსი
საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან ვერ გავიდა, საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდა და ბრძოლას 9–16 ადგილებისთვის აგრძელებს. ქართველები 5–გუნდიან ჯგუფში მოხვდნენ, სადაც შესაბამისად 4 მატჩი უნდა ჩაატარონ.
დღეს მიხეილ კობეშავიძის გუნდმა პირველი მეტოქე – ბელარუსი 10 ქულის სხვაობით დაამარცხა. ჩვენი ნაკრები დატოვა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ავსტრიიდან ეროვნულ გუნდს გამოჰყვა და ახლა თბილისში იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. მიუხედავად ამისა, ბერუაშვლის გუნდმა მაინც გაიმარჯვა და ეს გუნდური თამაშის ხარჯზე მოახერხა.
ქართველებმა პირველი მეოთხედი 2 ქულით წააგეს, დიდი შესვენებისთვის ქულას აგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში მობილიზება შესძლეს. გადამწყვეტი მეოთხედის წინ საქართველო ქულით დაწინაურდა, თუმცა ყველაფერი ბოლო წუთებზე გაირკვა. კრიტიკულ მომენტში ბერუაშვილის შეგირდებმა სიმტკიცე გამოავლინეს.
აკაკი დვალიშვილმა და გიორგი შარაბიძემ ორმაგი დუბლები მიითვალეს, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდში ძალიან მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდეს გიორგი ნანიტაშვილმა, გიგა კვეტენაძემაც.
ქართველები ჯგუფის მორიგ მატჩში ხვალ, თბილისის დროით საღამოს 8 საათზე შვეიცარიას დაუპირისპირდებიან.