ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ავსტრია. 21 ივლისი
შვეიცარია 73:81 საქართველო
საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრების წევრმა გიორგი შარაბიძემ ისეთი რამ გააკეთა, რაც არათუ ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩებში, არამედ ზოგადად ძალიან იშვიათად ხდება. შარაბიძემ ევროპის ჩემპიონატის მატჩში შვეიცარიალების წინააღმდეგ 10 საშუალო მანძილიდან შესრულებული სროლიდან ყველა ჩააგდო.
შარაბიძემ 27 წუთი ითამაშა, თუმცა მისმა დიდებულმა გარჯამ მნიშვნელოვან წილად განაპირობა ქართველების გამარჯვება. მან მთლიანობაში 22 ქულა დააგროვა და მიუხედავად იმისა, რომ 4–დან 2 საჯარიმო და ერთიც სამქულიანი ააცილა, მაინც იშვიათი შედეგი აჩვენა – ალბათ სტაჟიან გულშემატკივარსაც გაუჭირდება ისეთი შემთხვევის გახსენება, როცა კალათბურთელსწ ამდენი ორქულიანი უსვრია და არც ერთი არ აუცილებია.
მიხეილ ბერუაშვილის შეგირდებმა მეტოქე მეორე მეოთხედში გატეხეს. აღნიშნული პერიოდი ქართველებმა 10 ქულით მოიგეს და დიდ შესვენებაზე 11–ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. დარჩენილ დროში ჩვენებმა იოლად შეინარჩუნეს ლიდერობა და საბოლოოდ იმარჯვეს კიდეც. ჩვენს 20–წლამდელებს, რომლებიც პირველი ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, საკვალიფიკაციო ჯგუფში დაუმარცხებლები არიან.
ჩვენი ნაკრები ჯგუფის პოტენციური ლიდერია, რადგან დამარცხება არა აქვს ხოლო დანია და რუმინეთი იმიტომ იყოფენ 1–2 ადგილებს, რომ ერთით მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული და ისიც წაგებული.
ხვალ ჩვენი ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება.
გიორგი შარაბიძე და აკაკი დვალიშვილი