საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის დღეს დაგეგმილი მეორე მატჩიც მოიგო და ლატვიური ტურის გამარჯვების რეალური ფავორიტია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმაა გუნდმა დღეს დილით ფინური კლუბი „ჰელსინკი როკი“ გაანადგურა, რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში კი ყაზახურ „ბარსის“ 63:41 სძლია და 2-დან 2 გამარჯვებით ჯგუფის ლიდერია.
მატჩის სტატისტიკა: 63:41
პირველი მატჩისგან განსხვავებით ქართველები მეტოქისგან წინააღმდეგობას წააწყდნენ. პირველი პერიოდის 20:8 მოგების შემდეგ ჩვენმა გუნდმა მეორე მეოთხედი 8:16 დათმო და ყაზახებს თამაშის შემობრუნების შანსი გაუჩნდათ. მესამე ათწუთეულში ქართველებმა მხოლოდ 4 ქულით გაზარდეს უპირატესობა, ხოლო ბოლო პერიოდში საბოლოოდ გატეხეს მეტოქე და 22 ქულით იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებში 17 ქულით ბომბარდირი გიორგი კორსანტია გახდა. 14 ქულა მოაგროვა დავით აფხაზავამ, ხოლო ალექსანდრე ფევაძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 11 ქულა, 9 მოხსნა მიითვალა. ნიკა დარბაიძის ანგარიშზე კი 11 ულა, 7 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები ხვალ, 23 სექტემბერსაც 2 მატჩს გამართავს. 11:00 საათზე ბელარუსულ „ცმოკი-მინსკს“ გაეჯიბრება, ხოლო 16:30 საათზე – ლატვიურ „ვალმეირას“.