2024 წლის თასის გათამაშების ფინალში თსუ გორის ივერიონს შეხვდება

2024 წლის თასის გათამაშების ფინალში თსუ გორის ივერიონს შეხვდება

საქართველოს თასის გათამაშების ფინალში ტიტულის შარშანდელი გამარჯვებული თსუ და სუპერლიგის დებიუტანტი, გორის ივერიონი ითამაშებენ. თასის მოქმედი მფლობელი, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი თსუ ტიტულს შიდა ქართლის გუნდთან დაიცავს, რაც გორელებისთვის უკვე სოლიდური წარმატებაა. სუპერლიგაში გადასვლიდან პირველივე სეზონში ივერიონი თასის გათამაშების ფინალში გავიდა და ისეთ იშტაზეა, ფარ-ხმალის დაყრას არც ტიტულის მოქმედ მფლობელთან აპირებს.

გორელებმა დღეს გამართული ოთხთა ფინალის პირველი – ნახევარფინალური შეხვედრა სუპერლიგის ლიდერ ქუთაისს მოუგეს. თან ისე, რომ იმერულ კლუბს წარმატების შანსი არ ჰქონია. ივერიონს 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. აქამდე გორელებმა სუპერლიგაში 2 შეხვედრა მოიგეს და უმაღლესში დარჩენის პრობლემა ფაქტობრივად გადაჭრეს და ახლა თასის ნახევარფინალშიც ამბიციური ქუთაისი დაამარცხეს.

გორის გუნდს ახალი და ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი ჰყავს. 26 წლის გიორგი ჩაჩხიანი დიმიტრი ჯაკობოვის ასისტენტი იყო, თუმცა ამ უკანასკნელის გუნდიდან დასვლის შემდეგ მისი ადგილი დაიკავა და ივერიონმაც წაუგებელი სერიაც წამოიწყო. დღევანდელ ნახევარფინალში გორელები ისე დამაჯერებლად თამაშობდნენ, რომ სუპერლიგის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა მწვრთნელმა ივერიონს სუსტი წერტილი ვერ უპოვა. კოტე ტუღუში ბევრს ეცადა, ჩამორჩენილი თავისი გუნდის წევრები გამოეფხიზლებინა, ტაქტიკის ცვლილებით მეტოქე შეეჩერებინა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. 

გორელთა წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი მეთ ნორმანის მიზანი იყო, ვისი სამქულიანებიც ივერიონის სტაბილური ლიდერობის მყარ გარანტიას წარმოადგენდა. ამერიკელმა ლეგიონერმა ჯამში 7 სამქულიანი ჩააგდო, რომელსაც ნელ-ნელა, თამაშის მსვლელობისას აჰყვა კუენტინ ჰარდრიქტი, ვინაც სწრაფი გარღვევებით დიდი თავისტკივილი გაუჩინა ქუთაისელ დამცველებს. ქუთაისელებს არაფერი გამოუვიდათ არც ფარქვეშ, სადაც გეგი ბაქრაძე იყო გაბატონებული და გიორგი კორსანტიამ, იმერული კლუბის მთავარმა მეფარემ ფრთები ვერ გაშალა. 

მეორე პერიოდის შუაწელში ივერიონი ორმაგი ანგარიშით (48:24) იგებდა, დიდ შესვენებაზე კი 17-ქულიანი ლიდერობით გავიდა. არაფერი შეცვლილა ბოლო წუთებამდე, როცა გორელები მოეშვნენ, დავით ლომიძემ კი ერთ წუთში 3 სამქულიანი ჩააგდო და ქუთაისელთა ჩამორჩენა 10 ქულას ჩამოაცილა. იმის იქით საქმე არ წასულა. გორელებმა კარგად დაწყებული საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს და ფინალში გასვლა იზეიმეს – 106:98 (სტატისტიკა).

თსუ-სა და ბათუმის მეორე ნახევარფინალური მატჩიც ვერ გამოდგა დაძაბული. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს მხოლოდ პირველ პერიოდში, ისიც მცირედით გაუჭირდათ. მართალია, თსუ-ს ლიდერობა არ დაუთმია, მაგრამ ბათუმი რამდენჯერმე წამოეწია და სულ ეს იყო. რაც დრო გადიოდა, თსუ-ს ლიდერობა იზრდებოდა, რაც უპირველესად კახა ჯინჭარაძის დამსახურება იყო. მესამე პერიოდში ჯინჭარაძემ 10-ქულაზე მეტი ჩააგდო, თსუ-მ კი 20 ქულით გაასწრო ბათუმს და ბოლო პერიოდში მოედანზე თსუ-ს სათადარიგოები გამონჩდნენ.

თსუ-ს მწვრთნელმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდის ლიდერებს შეძლებისდაგვარად დასვენების საშუალება მისცა, რათა ფინალისთვის ძალები შემოენახათ. მატჩის ბლო 15 წუთი ფორმალობა გამოდგა და თამაში ისე დასრულდა, ბათუმი მეტოქესთან 15 ქულაზე ახლოს ვეღარ მივიდა.

ჯინჭარაძემ თსუ-ს 32 ქულით, 8 მოხსნით და 6 პასით ისე ულიდერა, ბურთი არ დაუკარგავს. შედეგიანი იყო ალექსანდრე ფევაძეც, რომელმაც 16 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 14 ქულა დააგროვა. ბათუმში 24 ქულით საუკეთესო იყო ვახტანგ ქადარია. 17 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი მარკის უილსონმა დააგროვა.

ფინალური შეხვედრა 10 აპრილს, თბილისი არენაზე, 19:00 საათზე დაიწყება.