38 ქულა 33 წუთში! “სან დიეგოში” ბოლო საშინაო მატჩი სანაძისთვის კარიერის საუკეთესო გამოდგა

38 ქულა 33 წუთში! “სან დიეგოში” ბოლო საშინაო მატჩი სანაძისთვის კარიერის საუკეთესო გამოდგა

დუდა სანაძემ „სან დიეგოში“ ბოლო საშინაო მატჩი გამართა და გულშემატკივარს თავი საოცარი შედეგიანობით დაამახსოვრა. სან დიეგოში გამართული მისი სტუდენტური კარიერის ბოლო მატჩი კარიერის საუკეთესო გამოდგა.  „სან დიეგო ტორეროსმა“ „ვესტ ქოუსტის“ კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში „პორტლენდს“ უმასპინძლა და ქართველი ლეგიონერის 38 ქულით მეტოქე 85:76 დაამარცხა.

აქამდე სანაძის საუკეთესო შედეგი 29 ქულა იყო, რომელიც ქართველმა უკანახაზელმა სწორედ „პორტლენდთან“ მიმდინარე სეზონის პირველი წრის მატჩში, 15 დეკემბერს მიითვალა. დღევანდელ შეხვედრაში კი დუდა შეუჩერებელი იყო და ამერიკული კარიერის აქამდელ რეკორდს მთელი 9 ქულით გადააჭარბა.
ქართველმა უკანახაზელმა სანდიეგოელ გულშემატკივრებს თავი ნამდვილად დაამახსოვრა. მიმდინარე სეზონში სანაძე „სან დიეგოს“ ლიდერი იყო და საშუალოდ 12 ქულას აგროვებდა, „პორტლენდთან“ დღეს ჩატარებული მატჩი კი მის კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა. დუდამ 33 წუთი ითამაშა და 38 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 10-დან 5 ორქულიანი, 10-დან 6 სამიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.
„სან დიეგომ“ „ვესტ ქოუსტის“ კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატი 4 მოგებითა და 14 მარცხით, მე-10 ადგილზე დაასრულა, თუმცა პლეი ოფში გასვლის შანსი მაინც აქვს. საქმე ისაა, რომ პლეი ოფში თამაშს უფლება ერთ-ერთ გუნდს აკრძალული აქვს და მეოთხედფინალის ბოლო საგზურს 9 და 10 ადგილებზე გასული გუნდები გაითამაშებენ. ამ საკვალიფიკაციო მატჩს „სან დიეგო“ სტუმრად, „ლოიოლა მერიმაუნთის“ უნივერსიტეტთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში კონფერენციის პირველადგილოსან „გონზაგას“ მეოთხედფინალში დაუპირისპირდება. ანუ სანაძეს „სან დიეგოში“ მინიმუმ კიდევ 1 შეხვედრის გამართვა მოუწევს, თუმცა საშინაო არენაზე ამ სეზონში აღარ ითამაშებს, რადგან „ტორეროსი“ პლეი ოფში რაგინდ შორს წავიდეს, როგორც ბოლოადგილოსანს, მოედნის უპირატესობა არ ექნება.
სანაძე მომავალი სეზონიდან პროფესიულ კარიერას შეუყვება და სავარაუდოდ, ის ევროპაში ითამაშებს. მას უფლება აქვს, საკუთარი თავი ნბა-ს მომავალ დრაფტზე დააყენოს, თუმცა ამის თაობაზე დუდას ჯერ არაფერი განუცხადებია. სანაძე ამერიკაში გაზაფხულის ბოლომდე დარჩება და სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლას დაასრულებს.