3X3: საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში დღეს ჩაებმება

3X3: საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში დღეს ჩაებმება

3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში ჩაებმება. ევროპირველობას უნგრეთის დედაქალაქი დებრეცენი მასპინძლობს, სადაც კონტინენტის 12 საუკეთესო ნაკრები საუკეთესოს გამოსავლენად იბრძოლებს.
საქართველომ ევროპირველობის ფინალური ეტაპის საგზური გასულ ივლისს მოიპოვა, როცა უნგრეთსავე ქალაქ შოლნოკის საკვალიფიკაციო ტურნირში მე-4 ადგილი დაიკავა. მაშინ ჩვენმა ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც დავით აფხაზავა, ნიკა ლოლიშვილი, გიორგი კორსანტია და ნიკა წირღვავა იცავდნენ, ჯგუფში ჰოლანდია და სლოვაკეთი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ლიტვის ძლევით ევროპირველობის ფინალური ეტაპის საგზური გაინაღდა.

იმ შემადგენლობიდან საევროპო გუნდში მცირე ცვლილება მოხდა. ამერიკაში წასული ნიკა წირღვავა გიორგი ცხოვრებოვმა ჩაანაცვლა. საქართველოს ნაკრები დებრეცენში გუშინ ჩავიდა, ხოლო დღეს თბილისის დროით 21:10 საათიდან ტურნირში ჩაებმება. გათამაშების სისტემის თანახმად, 12 გუნდი 4 ჯგუფში შემდეგნაირდ გადანაწილდა:
A ჯგუფი: რუმინეთი (1), საფრანგეთი (8), საქართველო (9) B ჯგუფი: სლოვენია (2), ჩეხეთი (7), ანდორა (10) C ჯგუფი: უნგრეთი (3), თურქეთი (6), ლატვია (11) D ჯგუფი: გერმანია (4), ბელგია (5), სერბეთი (12) ფრჩხილებში მითითებულია ტურნირზე განთესვის (რეიტინგის) ადგილი
საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე საფრანგეთი (21:10) იქნება, ხოლო თბილისის დროით 22:05 საათზე ქართველები რუმინეთს შეხვდებიან. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო გავა და წარმატებული გუნდები საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. პლეი ოფის მატჩები 10 სექტემბერს ჩატარდება.
ტურნირის მატჩების პირდაპირ ეთერში ყურება Youtube-ის ბმულზე იქნება შესაძლებელი