3x3GeoLiteQuest2026 – 3×3 კალათბურთის საუკეთესო გუნდების ტურნირი არგომ მოიგო

3x3GeoLiteQuest2026 – 3×3 კალათბურთის საუკეთესო გუნდების ტურნირი არგომ მოიგო

3×3 საკალათბურთო სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ემოციური ტურნირი 4 ივლისს გაიმართა. შეჯიბრში, რომელიც ორგანიზატორის – საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა, ქვეყნის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე გუნდები მონაწილეობდნენ, ხოლო მონაწილეთა გარკვეული ნაწილი ორგანიზატორებმა ტურნირზე სპეციალური მოწვევით – „ვაილდ ქარდით“ (Wild Card) დაუშვეს.

ტურნირს, სახელწოდებით 3x3GeoLiteQuest2026, დედაენის ბაღსა და იუსტიციის სახლს შორის მდებარე ტერიტორიამ უმასპინძლა, სადაც თავი საქართველოს 12-მა უძლიერესმა გუნდმა მოიყრა. ეს გუნდებია: Tbilisi, Buckets, ALFA, Argo, Elites, AirSquad, Scooby, Degustacia, Saints, Tsikara, LegaL და Members.

გზა ფინალისკენ: პლეი-ოფის ფიცხელი ბრძოლები

დაძაბული ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ასპარეზობა პლეი-ოფში გააგრძელა ოთხმა საუკეთესო გუნდმა, რომლებმაც გულშემატკივარს ნამდვილი საკალათბურთო სანახაობა აჩუქეს:

პირველ ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს გუნდები „Tbilisi“ და „Tsikara“ დაუპირისპირდნენ. მატჩი „Tbilisi“-ს უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 20:14 დასრულდა. მეორე ნახევარფინალი კიდევ უფრო დრამატული და დაძაბული გამოდგა, სადაც „Argo“-მ დაძაბულ ბრძოლაში, 21:17 დაამარცხა გუნდი „Scooby“ და ფინალის საგზური მოიპოვა.

დრამატული ფინალი და ჩემპიონის ტიტული

ტურნირის კულმინაცია, რა თქმა უნდა, ფინალური მატჩი გამოდგა, სადაც მოედანზე ერთმანეთის პირისპირ უძლიერესი შემადგენლობები წარსდგნენ. გუნდი „Tbilisi“ ძირითადად საქართველოს ნაკრების მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული, რომლის შემადგენლობაშიც ირიცხებოდნენ: ვახტანგ გაფრინდაშვილი, ლუკა გიორგაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ანზორი ნადირაძე. მათ წინააღმდეგობის გაწევა მოუწიათ არანაკლებ ძლიერ გუნდ „Argo“-სთან, რომლის ღირსებასაც ვაჩე ფარულავა, ნიკოლოზ შერაზადიშვილი, ზურაბ შერაზადიშვილი და გიორგი ბართია იცავდნენ.

ფინალი უკომპრომისო და ქულა-ქულაში ბრძოლად წარიმართა. საბოლოოდ, მატჩის ბედი შორეულმა, ზუსტმა სროლამ გადაწყვიტა – „Argo“-ს წევრმა, ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ურთულეს ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ორქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს ანგარიშით 21:19 გაამარჯვებინა.

ტურნირის საერთო საპრიზო ფონდიდან ჩემპიონმა გუნდმა („Argo“) ჯილდოდ 2500 ლარი მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გასულ ფინალისტს („Tbilisi“) 1000 ლარი გადაეცა. ფულად ჯილდოსთან ერთად, გამარჯვებულმა მოიპოვა ტურნირის მთავარი სუპერპრიზი – ათენში ფიბა-ს (FIBA) ჩელენჯერზე ასპარეზობის საგზური, რომელიც 31 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ტურნირის დასასრულს, ფინალისტი გუნდები საზეიმო ვითარებაში მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ და ფედერაციის გამგეობის წევრმა, ვახტანგ ნაცვლიშვილმა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გამარჯვების ორქულიანის ჩამგდები ნიკოლოზ შერაზადაშვილი დასახელდა, რომელიც სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.