მცირე პაუზის შემდეგ განახლდა 3×3 საკალათბურთო აქტივობები, რომლის ორგანიზატორიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტია. 19 დეკემბერს ვერის საკალათბურთო სასახლეში დაიწყო ზამთრის თამაშები სახელწოდებით Wintercup2025, რომლის პირველი ტურნირი 22-წლამდელთა შორის გაიმართა.
ტურნირში თავი 12-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც სტანდარტულად – 4 ჯგუფში განაწილდა. პლეი ოფში თითოეული ჯგუფის გამარჯვებულმა გადაინაცვლა და ნახევარფინალებში შემდეგნაირად დაწყვილდნენ: 21 – ვერა, Serbia – Elites.
ორიდან ერთი ნახევარფინალი დაძაბული გამოდგა. Serbia-მ 16:14 დაამარცხა Elites-ი, ხოლო მეორე წყვილში ყველაფერი იოლად მოხდა: ვერამ 21:13 დაამარცხა გუნდი 21. ფინალში დიდი ბრძლა ვიხილეთ: ვერას ღირსებას საბა ლატარია, ალექსანდრე ჩავლეშვილი, გიორგი შარვაშიძე და ალექსანდრე ფორჩხიძე იცავდნენ, ხოლო Serbia-ს სანდრო ბარდაველიძე, გიორგი ციმინტია, გიორგი გაბუნია და მერაბ გურული წარმოადგენდნენ. დაძაბულ ბრძლაში ვერამ 19:16 იმარჯვა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ტურნირის საპრიზო ფონდიდან გამარჯვებულ ვერელებს 1000 ლარი ერგოთ, ფინალისტმა Serbia-მ 700 ლარი მიიღო, ხოლო რეიტინგით გამოვლენილმა მესამეადგილოსანმა Elites-მა 500 ლარი ირგუნა. პრიზიორები ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.
