ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში წაუგებლად ასპარეზობს. 2005 წელს დაბადებული პერსპექტიული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა “საქართველო 2005”-მა დღეს კიდევ 2 გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ლატვიის ქალაქ ვალმიერაში იმყოფება, სადაც ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველი წრე იმართება. ქართველებმა გუშინ საწყისი 2 მატჩი მოიგეს, დღეს კი იგივე წარმატებას მიაღწიეს.
“საქართველო 2005”-მა დღეს ჯერ რიგის DSN-ი გაანადგურა (74:37), შემდეგ კი ბელარუსულ “პრინემანიეს” გაუსწორდა – 81:32. ლატვიელებთან 12 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ბერუაშვილი, ხოლო ბელარუსებთან 12 ქულით ლუკა ალავიძე გამოირჩა.
4-დან 4 მოგებით “საქართველო 2005” ჯგუფის ლიდერია. ხვალ, 2 დეკემბერს, ქართველები ფავორიტ მოსკოვის ცსკა-ს შეხვდებიან, რითც პირველ წრეს დაასრულებენ. მომდევნო წრე იანვარს ლიტვის ქალაქ პლუნგეში გაიმართება, მესამე – 21-დან 24 მარტის ჩათვლით ლატვიურ – ვენტსპილსში.