“ა” ლიგის გათამაშება სტარტს 8 იანვარს აიღებს. შესაბამისად, ტურნირის ექვსივე მონაწილე გაირკვა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საკვალიფიკაციო ეტაპიდან “ა” ლიგის საგზური კასპის “გრიფინმა” მოიპოვა, ხოლო ბოლო მონაწილის ვინაობა სტუდენტური ლიგის ფინალმა გამოავლინა. “ა” ლიგის მეექვსე გუნდი თავისუფალი უნივერსიტეტია, რომელმაც ფინალურ სერიაში სპორტის უნივერსიტეტი დაამარცხა.
ასე და ამგვარად, “ა” ლიგის ექვსივე გუნდი ცნობილია და ესენი არიან: რუსთავი, სოხუმი-საქართველო, თელავის ბურჯი, ვერა, კასპის გრიფინი და თავისუფალი უნივერსიტეტი. შეგახსენებთ, რომ “ა” ლიგა გასულ სეზონში ბოლო ადგილზე გასულმა სამედიცინო უნივერსიტეტმა და ბოლოსწინაზე გასულმა ასტრალმა დატოვეს. ასტრალს დარჩენის შანსი საკვალიფიკაციო რაუნდის მოგების გზით ჰქონდა, თუმცა კასპის გრიფინთან ორმატჩიან ბრძოლაში დამარცხდა.
გათამაშების ფორმატი უცვლელია. 6 გუნდი ერთმანეთში 2 წრედ ითამაშებს და 10 ტურის შემდეგ საუკეთესო ოთხეული ნახევარფინალში გავა. ბოლო, მე-6 გუნდი ლიგას დატოვებს, ხოლო მეხუთეზე გასულს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მომავალი სეზონის წინ საკვალიფიკაციო რაუნდში ბრძოლა ელის.
ცნობილია კალენდარიც, რომლის მიხედვითაც პირველი ტურის 3 მატჩი 8 იანვარს გაიმართება.