დღეს “ა” ლიგის მე-3 ტური დაიწყო. თბილისსა და კასპში თითო მატჩი გაიმართა, ხოლო ტური ხვალ, თბილისში დასრულდება. თბილისი არენაზე ლიბერთიმ თელავის ბურჯს უმასპინძლა. 2 ტურის შემდეგ ორივე გუნდს თითო მოგება ჰქონდა და შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრას საკმაოდ დიდი ფასი ჰქონდა.
ლიბერთიმ წინა ტურში ვინგსი იოლად დაამარცხა, ბურჯი კი თელავში ბრძოლაში, ბოლო წამებზე ახალციხესთან დამარცხდა. დღევანდელი მატჩი მთლიანობაში საინტერესო გამოვიდა, რადგან თამაშის უმეტესობა ანგარიშში სხვაობა მცირე იყო, ხოლო ბოლო წუთზე თელაველებმა 2 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა.
პირველი პერიოდი ლიბერთიმ 3 ქულით მოიგო, თუმცა მეორეში სტუმრებმა 19:15 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე პერიოდი თელაველებმა უკეთესად დაიწყეს და ჯორდან სმიტის ზედიზედ 2 სამქულიანით ბურჯი 50:45 დაწინაურდა. ლიბერთის მწვრთნელმა, ბესიკ ლეჟავამ წუთშესვენება აიღო და ამან გაამართლა. ლიბერთიმ დაცვა გამოასწორა და ჯერ ანგარიში გაათანაბრა – რაც დიდწილად ირაკლი სულხანიშვილის, ლუკა ბულიავას და ლევან ქვარცხავას დამსახურება იყო, შემდეგ კი სადავეები კევონ ვოილსმა გადაიბარა, რომელმაც თავისი სამქულიანების ანგარიში მესამე პერიოდის ბოლოს გახსნა, როცა პირველი შორი სროლა ჩააგდო და ლიბერთი 66:59 დააწინაურა.
ვოილსმა შემდეგ კიდევ 2 სამიანი ჩააგდო, რამაც ლიბერთის მოთამაშეებს მეტი დამაჯერებლობა შემატა და სხვაობამ 14 ქულას მიაღწია – 78:64 მატჩის დასრულებამდე 6:30 წუთით ადრე. თელაველები ეცადნენ, თუმცა ჩამორჩენა მხოლოდ ბოლოსწინა წუთზე შეამცირეს ისე, რომ ბრძოლას აზრი მისცემოდა. არჩილ პულუზაშვილის 3-ქულიანისა და მამუკა ბაზუაშვილის ორიანის შემდეგ, თამაშის დასრულებამდე 25 წამით ადრე ანგარიში 84:86 გახდა.
ამაზე მეტად ვითარება აღარ დაძაბულა. ტაქტიკური ჯარიმა კევონ ვოილსმა 2 ქულად აქცია, ლიბერთი 88:84 (სტატისტიკა) დააწინაურა და როცა თელაველებმა სამქულიანი ააცილეს, მატჩის ბედი გაირკვა. ლიბერთიში 15-15 ქულით ლევან ქვარცხავა და კენდრიკ ტომპსონი გამოირჩნენ, თელაველთაგან კი 16 ქულით ბომბარდირი არჩილ პულუზაშვილი გახდა.
კასპშიც საკმაოდ საინტერესო ბრძოლა გაიმართა. ლიგის დებიუტანტი ვინგსი მთელი სამი პერიოდი უძალიანდებოდა გრიფინს. მესამე პერიოდში ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილი თბილისური გუნდი დაწინაურდა კიდეც და გრიფინს ლეგიონერები რომ არ დახმარებოდნენ, ვინძლო დედაქალაქში გამარჯვებაც წაეღო.
ბოლო პერიოდში კასპელებმა აშკარად იძალეს. მათ თავიდანვე მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა და მხოლოდ ბოლო წუთებზე შეძლო ვინგსმა ანგარიშის შემცირება. გრიფინის მწვრთნელმა, გიორგი სიმონიშვილმა სრული ნდობა გამოუცხადა ლეგიონერებს და მათაც გაამართლეს. გრეგორი ჰამონდი სამმაგი დუბლით გამოირჩა, მის ანგარიშზე 14 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი დაგროვდა. 25 ქულით კი ბომბარდირი კამანი დაუთი გახდა. 18 ქულა მიითვალა კიდევ ერთმა ლეგიონერმა – დანიელ რენსომმა. ვინგსში 26 ქულით, 9 მოხსნით და 6 პასით საუკეთესო იყო ჯერემი ჯონსი. საბოლოოდ გრიფინმა 91:84 (სტატისტიკა) იმარჯვა და 3 ტურის შემდეგ 2 მოგებით ლიდერთა შორისაა.
მე-3 ტური “მეციხოვნეთა დერბით” დასრულდება. ახალციხე ბლექ ფორტრესს თბილისი არენაზე, 2 თებერვალს უმასპინძლებს. მატჩი 18:30 საათზე დაიწყება.