დასრულდა ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატი და საუკეთსოების გამოვლენის დროც დადგა. ქართველ გულშემატკივარს აღნიშნული ლიგის ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი აინტერესებს, რამეთუ ამ ნომინაციაში ერთ-ერთი ფავორიტი 18 წლის გოგა ბითაძეა.
ასე და ამგვარად, “მეგა ბემაქსის” ქართველი ლეგიონერი, გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის (1997 წელს და მოგვიანებით დაბადებულნი) გამოკითხვაში მე-2 ადგილზე გავიდა. ხმის მიცემის პროცედურა ტურნირის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით მიმდინარეობდა და საბოლოო შედეგებში ქომაგთა ხმებს 30%-ანი წილი მიეკუთვნა, ადრიატიკის ლიგის მწვრთნელებისთვის 60% გახლდათ გამოყოფილი, 10% კი ლიგის კომისიონერს ეკუთვნოდა.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად ხორვატული “ცედევიტას” ტალანტ ჯანან მუსა (ბოსნია-ჰერცეგოვინა) აღიარეს, რომელმაც ხმების 64% მიიღო, ბითაძეს 16% ერგო, მესამეზე კი სერბული ფმპ-ს წევრი ალეკსა რადანოვი (5%) გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ლიგის რეგულარულ სეზონში ბითაძე “მეგა ბემაქსის” სასტარტო ხუთეულის მოთამაშე იყო, მისი საშუალო სტატისტიკა კი ასეთი გახლდათ: 23.0 წუთი, 11.8 ქულა, 6.9 მოხსნა, 1.0 პასი, 0.7 ჩაჭრა, 2.1 დაფარება, ორქულიანები 54.4%, სამქულიანები 22.2%. საჯარიმოები 67.2%, სარგებლიანობის კოეფიციენტი 14.4.