20–წლამდელთა ჩემპიონატში ერთ–ერთი ყველაზე დრამატული მატჩი კვირას სპორტის სასახლეში გაიმართა. ტურნირის ერთადერთმა წაუგებელი გუნდი „აკადემია“ კიდევ ერთ ფავორიტ „მაკაბის“ შეხვდა და თამაშის ბოლოს ჩაგდებული 2 საჯარიმოთი – 72:70 მოუგო.
აქ განზრახ არ ვახსენეთ ბოლო წამები, რადგან ოთარ მეფარიშვილმა რომ გამარჯვების საჯარიმოები მიითვალა, თამაშისთვის განკუთვნილი დრო ამოწურული იყო. ასეთი რამ კალათბურთში ძალიან იშვიათად ხდება. ანგარიში 70:70 იყო, „აკადემიას“ შესატევად 7 წამი ჰქონდა და გია კაზანჯიანის გუნდმაც ბოლომდე გაათამაშა ბურთი და როცა მეფარიშვილმა ბურთი საფინალო სირენის თანხლებით ისროლა, მაკაბელები მასწე დაჯარიმდნენ.მეფარიშვილმა გადამწყვეტი საჯარიმოები ხომ ჩააგდო და მანამდეც მისი ძალისხმევით მოახერხა „აკადემიამ“ ბოლო წუთებზე დაწინაურება. მისი გუნდი ქულით აგებდა, როცა მეფარიშვილმა მიჯრით 2 სამქულიანი ჩააგდო და დასრულებამდე წუთნახევრით ადრე თავისიანები 5 ქულით გაალიდერა. „მაკაბიმ“ მაინც მოახერხა წამოწევა – რომა აჰმადიანმა სირენამდე 36 წამით ადრე სამქულიანი მიითვალა და … 70:70. მერე გუნდებმა თითო შეტევა განიავეს და მეფარიშვილის საჯარიმოების ამბავიც მერე მოხდა. სხვა მატჩებში ბრძოლა არ შედგა – „სამედიცინომ“ და „რუსთავმა“ შანსი არ დაუტოვეს „ქუთაისს“.