მორიგი ტურის მატჩებმა საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ ჩაიარეს. ეს განსაკუთრებით „სასოფლოს“ დარბაზში გამართულ მართვე 2–სა და „ენერჯი–ინვესტს“ შორის გამართულ შეხვედრაზე ითქმის.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი „ენერჯი“ მთელი 23 ქულით აგებდა კახა შენგელიას „მართვე–2“–თან, თუმც საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება შესძლო. პირველი მეოთხედი მართველებმა 13 ქულით ხომ მოიგეს და მეორეს საწყისი წუთები 10:0 გაექცნენ მეტოქეს – 37:14. ამის შემდეგ „ენერჯი–ინვესტი“ გააქტიურდა, გიორგი ელინაძემ და ირაკლი ჩერქეზიშვილმა უხვად დაიწყეს ქულების გროვება და პირველი ტაიმის დასრულებისას „ენერჯიმ“ ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა.მესამე მეოთხედმა თანაბრად ჩაიარა და ყველაფერი დასკვნით პერიოდში გადაწყდა. ჩერქეზიშვილის შეგირდებმა 36:24 მოიგეს ათწუთეული და გამარჯვებაც მათ დარჩათ.საინტერესო გამოდგა ასევე „სამედიცინოსა“ და „აკადემიის“ დაპირისპირება. მართალია, გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბიჭებმა 15 ქულით მოიგეს ეს მატჩი, თუმცა ვერავინ იტყოდა, რომ შეხვედრას ინტრიგა აკლდა.შედეგიანად ითამაშა აკადემიელთა ბომბარდირმა მერაბ ბოქოლიშვილმა, ვინაც 39 ქულა ჩაუგდო „მედიკოსებს“ და კაზანჯიანის გუნდმა რომ გაიმარჯვა, მისი დიდი დამსახურებაა.თუმცა ბოქოლიშვილზე მეტიც მოიხვეჭეს გასული უქმეების მატჩებში, მაგრამ ეს სხვა მატჩსა და ქალაქში – რუსთავში მოხდა. ქვემოქართლელებმა 80:49 დაჩაგრეს „ქუთაისი“, მასპინძელთა ცენტრმა აკაკი დვალიშვილმა კი 48 ქულა და 20 მოხსნა ჩაიწერა პირად ანგარიშზე, რასაც 5 დაფარება და 3 ჩაჭრაც მოაყოლა. მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი „მართვე–2“–ის უკანახაზელ გიორგი გლოველს ეკუთვნოდა, რომელმაც 2 კვირის წინ 47 ქულა მოაგროვა.